საქმე ეხება თბილისის მერიის მიერ “სითი პარკთან” დადებულ ხელშეკრულებას, რომლის პირობებიც აქამდე საიდუმლოს წარმოადგენდა.
როგორც თბილისის მერის მოადგილე ალექსანდრე მარგიშვილმა განაცხადა, არ არსებობდა არანაირი საფუძველი იმისა, რომ ხელშეკრულება საიდუმლო ყოფილიყო.
მისივე თქმით, “სითი პარკი” არის კომპანია, რომელიც თბილისელებისგან ფულს იღებდა და ამ ფულით არანაირ ინვესტიციას არ ახორციელებდა.
მარგიშვილის განცხადებით, გაურკვეველია, რატომ გადაწყვიტა მაშინდელმა თბილისის ხელმძღვანელობამ მსგავს კომპანიასთან თანამშრომლობა, როდესაც თვითონ მუნიციპალიტეტს შეეძლო, მოეგვარებინა აღნიშნული საკითხი.
“თბილისის მერიასა და “სითი პარკს” შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ იყო გასაიდუმლოებული. უბრალოდ, მერიის ყოფილი ხელმძღვანელობა და თვითონ კომპანია ცდილობდნენ, რომ დოკუმენტი საჯარო არ გამხდარიყო. თქვენ იცით, რომ გასულ პარასკევს “სითი პარკის” ხელმძღვანელობასთან შეხვედრა გვქონდა, მას შემდეგ კომპანიამ გადმოაგზავნა თავისი ვერსია, ჩვენ შევაჯერეთ ჩვენ ვერსიასთან და მერიამ გაავრცელა ეს დოკუმენტი. არანაირი საფუძველი არ არსებობდა იმისა, რომ დოკუმენტი საიდუმლო ყოფილიყო. რაც შეეხება ხელშეკრულების პირობებს, ის მთლიანად არის კომპანიის კომერციულ ინტერესებზე მორგებული და არ ითვალისწინებს არც მერიის და არც რიგითი თბილისელების ინტერესებს. ხელშეკრულების ყველა ასპექტი იმაზეა გათვლილი, რომ “სითი პარკმა” დაუმსახურებლად მიიღოს უზარმაზარი შემოსავლები და თბილისის ხელმძღვანელობას არ ჰქონდეს საშუალება შეაჩეროს ან შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება. პრაქტიკულად ხელშეკრულება განსაზღვრავს “სითი პარკს” ფულის ამომღებ ორგანიზაციად. საერთოდ, გაუგებარია, რატომ გახდა საჭირო თბილისის ხელმძღვანელობისგან ასეთი კომპანიიას დაქირავება. ამას გაცილებით ეფექტიანად შეძლებდა თვითონ მუნიციპალიტეტი და ამ კითხვებზე პასუხების გასაცემად მუშაობა მიმდინარეობს”, - განაცხადა მარგიშვილმა.