კახა ბენდუქიძე „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებს ეხმაურება და სავიზო რეფორმას სიშტერეს უწოდებს.
„ეს რეფორმა - სავიზო რეჟიმის გამარტივება - დავიწყე მე 2004 წლის ზაფხულს. საკმაოდ დიდი წინააღმდეგობა იყო საგარეო საქმეთა სამინისტროდან - საკონსულოებს ფული შემოაკლდებოდა. რეფორმა ჯამში სამი ნაწილისაგან შედგებოდა: უვიზო ქვეყნების სიის გაფართოება, ვიზის აღების შემთხვევაში საზღვარზე გაცემა, საქართველოში ხანგრძლივი ყოფნის დაშვება. 1)პირველ რიგში გაუქმდა ვიზის აღების აუცილებლობა ევროკავშირის, იაპონიის, კანადის, აშშ-ს მოქალაქეებისათვის. შემდეგ სია ცოტათი გაიზარდა, დაემატა დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნები (შვეიცარია, ლიხტენშტაინი, ნორვეგია, ისლანდია) შემდგომ სპარსეთის ყურის მდიდარი ქვეყნები - ქუვეიტი, კატარი, ბაჰრეინი, გაერთიანებული საემიროები, ომანი. 2007 წელს ევროკავშირში შევიდა ბულგარეთი და რუმინეთი, და ამის შემდეგ გადაწყდა, რუმინეთის და ბულგარეთის განვითარების დონის ქვეყნებთანაც დაგვემყარებინა გამარტივებული სავიზო რეჟიმი. ასე გამოვიდა ასზე მეტი ქვეყანა - აქედან ჩვენი საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნების გარდა, ყველა სხვა საქართველოზე ბევრად მდიდარია. 2) რეფორმის მეორე ნაწილი - ვიზების გაცემა საზღვარზე - არის გავრცელებული ყველა განვითარებად ტურისტულ ქვეყანაში. ამის გაუქმება ნიშნავს, რომ ჩვენ საკონსულოებში შეგვიძლია ადმინისტრირება უკეთ, ვიდრე შსს-ს შეუძლია საზღვარზე - სასაცილოა, ვინაიდან საშიში პიროვნებების მონაცემთა ბაზა პირველადად შსს-ს გააჩნია. 3) საქართველოში ხანგრძლივად ყოფნის შესაძლებლობა - 360 დღე - უქმნიდა განვითარებული ქვეყნების მოქალაქეებს უნიკალურ მარტივ საშუალებას საქართველოში ჰქონოდათ მეორე ბინა და წლის ნებისმიერ დროს ნებისმიერი ვადით ჩამოსულიყვნენ. ახლა მთავრობამ შეამცირა ქვეყნების სია - ეს სუფთა რევანშია, ამოშლილი ქვეყნებიდან არ იყო არავითარი შესამჩნევი ნაკადი, არც საფრთხე. აბა რატომ უნდა ამოშალო ჩილე ან ურუგვაი - სიამოვნებით მოვისმენდი დასაბუთებას. მაგრამ ამით არაფერი დიდი არ გაფუჭდება - უბრალოდ სიშტერეა. ვიზების გაცემა მხოლოდ საკონსულოებში - ეს უკვე მავნებლობაა. და სერიოზული. მაგალითად ჰონკონგი მსოფლიოს წამყვანი ფინანსური ცენტრია - ნიუ-იორკისა და ლონდონის შემდეგ. ადრე ჰონგკონგის მაცხოვრებელი ვიზას საქართველოს საზღვარზე აიღებდა. დღეს იგი უნდა ჰონკონგიდან ჩავიდეს პეკინში, შეიტანოს საბუთები ჩვენს საკონსულოში, დაბრუნდეს უკან ჰონგკონგში, მერე ისევ ჩავიდეს პეკინში, აიღოს პასპორტი ვიზით და ჩამოვიდეს საქართველოში. ან შეღავათის სახით, პასპორტი პეკინში ფოსტით გაგზავნოს და ალბათ ერთ-ორ თვეში მიიღოს ვიზა. იგივე ეხება ჩინელებს, ჩილელებს, და მრავალ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს. ვადის შემცირება - ეს კიდევ უფრო დიდი მავნებლობაა. ამას ახსნაც არ სჭირდება, რომ ხეირი ჩვენთვის არავითარია, დანაკარგი კი მნიშვნელოვანი. რას ვიგებთ იმით, რომ გერმანელს ან ფრანგს არ შეეძლება 90 დღეზე მეტი ყოფნა საქართველოში? ს ი ს უ ლ ე ლ ე!!!",- ამბობს კახა ბენდუქიძე.