ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს

ნატო აღმოსავლეთ ევროპაში ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს

უკრაინის კრიზისის საპასუხოდ, ნატო აღმოსავლეთ ევროპის ტერიტორიაზე თავისი ახალი ბაზების განთავსებას გეგმავს. "გარდიანის" ცნობით, ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა დასავლურ მედიასაშუალებებთან საუბრისას განაცხადა.

"ნატო აღმოსავლეთ ევროპაში თავის ბაზებს აღმოსავლეთ უკრაინის კრიზისის საპასუხოდ განათავსებს, ასევე, ეს ნაბიჯი იქნება მცდელობა, შეაჩეროს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის უსიამოვნებების მიყენებისგან", - აღნიშნა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

მისივე თქმით, მომავალ კვირაში ალიანსის სამიტის მონაწილეები ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა უთანხმოებას გაარკვევენ და შეთანხდებიან რუსეთის საზღვრებთან ძალების განთავსებაზე.

უცხოურ მედიასთან საუბრისას ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ისაუბრა იმ ზომებზე, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გაზრდისკენ არის მიმართული და აღნიშნა, რომ ალიანსი გეგმავს უკრაინის შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისთვის ხელშეწყობას, რათა კიევი გაუმკლავდეს რუსეთიდან მომავალ საფრთხეს.

"ჩვენ მივიღებთ სამოქმედო გეგმას, რომლის მიზანიც იქნება სწრაფი რეაგირება უსაფრთხოების ამ სრულიად ახალ გარემოში ევროპაში", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

უცხოურ მედიასთან საუბრისას ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების ცვლილებას და მაგალითად საქართველოსთან 2008 წლის ომი მოიყვანა.

"რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. რუსეთი ნატო-ს პარტნიორად არ მიიჩნევს. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც სამწუხაროდ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად მიიტაცა ტერიტორია ძალის გამოყენებით. ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ. ადვილია ვთქვათ, რომ არავინ ელოდა რუსეთის მიერ ტერიტორიის ძალის გამოყენებით მიტაცებას. ჩვენ ასევე ვნახეთ თვალსაჩინო ცვლილება რუსეთის სამხედრო მიდგომასა და შესაძლებლობებში მაგალითად, საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდგომ", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა "გარდიანთან" და ხუთ სხვა ევროპულ გამოცემასთან საუბრისას.

ნატო-ს უელსის სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართება. რუსულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამიტზე რუსეთის დელეგაცია მიწვეული არ არის.