“საქართველო და უკრაინა უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას ვერ მიიღებენ”

“საქართველო და უკრაინა უელსის სამიტზე ნატო-ში გაწევრიანების მიწვევას ვერ მიიღებენ”

რუსეთში ნატო-ს საინფორმაციო ბიუროს ხელმძღვანელის რობერტ პშელის განცხადებით, “ტერიტორიული პრობლემების მიუხედავად, ნატო-ს საქართველოს და უკრაინის ფორმალურად მიღება შეეძლო”.

“ნატო-ს, ფორმალური თვალსაზრისით, უკრაინის და საქართველოს თავის რიგებში მიღება შეუძლია, ტერიტორიული პრობლემების არსებობის მიუხედავად, თუმცა უელსის სამიტზე ისინი ალიანსში გაწევრიანების მიწვევას არ მიიღებენ”, - განაცხადა პშელმა “ეხო მოსკვის” ეთერში, კითხვის – “შეიძლება თუ არა ნატო-მ საქართველო და უკრაინა მიიღოს, იმის მიუხედავად, რომ მათ სხვა ქვეყნებთან ტერიტორიული პრობლემები აქვთ” საპასუხოდ.

როგორც ალიანსის წარმომადგენელმა განაცხადა, ბალტიისპირეთის ერთ-ერთ ქვეყანას, როდესაც ნატო-ში გაწევრიანდა, საზღვრის ხაზთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკებები დასრულებული არ ჰქონდა, რაც შეიძლებოდა, პრობლემად ჩათვლილიყო.

“თუმცა ნატო-ს სხვა ქვეყნები აღნიშნულ პრობლემას კომპლექსურად უყურებენ და ყველამ აღიარა, რომ ეს ქვეყანა დამნაშავე არ არის. ისინი მზად იყვნენ ხელი მოეწერათ და ეს არცთუ დიდი ხნის წინ მოხდა”, - აღნიშნა პშელმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია რომელ ქვეყანაზე საუბრობდა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ უკრაინას საქართველოგან განსხვავებით, ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში გაწევრიანების შესახებ განაცხადი არ გაუკეთებია.

“უელსის სამიტზე, რომელიც 4-5 სექტემბერს გაიმართება, ნატო-საქართველოს და ნატო-უკრაინის კომისიების სხდომები ჩატარდება, თუმცა არ არის მოსალოდნელი, რომ ამ შეხვედრაზე გაწევრიანებასთან დაკავშირებით საქართველო და უკრაინა მიწვევას მიიღებენ”, - განაცხადა პშელმა.