უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარი შევიდა

უკრაინაში რუსეთის რეგულარული ჯარი შევიდა

ამის შესახებ ინფორმაციას ჟურნალისტი რომან ბოჩკალა მესაზღვრეებზე დაყრდნობით ავრცელებს. მისივე ცნობით, რუსული ჯარი ტაგანროგის მხრიდან შევიდა და ბლოკპოსტების მოწყობა დაიწყო.

“რუსეთის რეგულარული ჯარი უკრაინის ტერიტორიაზე ტაგანროგის მხრიდან შემოიჭრა, ინფორმაციას მესაზღვრეები და მოხალისეთა ბატალიონის მებრძოლები ავრცელებენ, რომლებიც ახლა იმ რაიონში არიან. რუსეთის მხრიდან 30 ტანკი, მსუბუქი ჯავშანტექნიკა და ცოცხალი ძალა შემოვიდა. ისინი უკრაინის ტერიტორიაზე 8 კმ-ის სიღრმეში იმყოფებიან და 6 მოსაზღვრე სოფელს აკონტროლებენ”, - წერს ჟურნალისტი.

მისივე ცნობით, ნოვოაზოვსკიში სროლების ხმა ისმის, მიტაცებულ ტერიტორიებზე კი რუსი სამხედროები განმასხვავებელ ნიშნებს არ მალავენ.

“მათ კვალდაკვალ რუსეთის ტერიტორიიდან “დონეცკის სახალხო რესპუბლიკის” წარმომადგენლები შემოვიდნენ, რომლებიც ადგილობრივებს თხოვენ, რამდენიმე დღე “რთული სიტუაცია” აიტანონ, შემდეგ კი პირდებიან, რომ ყველაფერი კარგად იქნება და თავისი რესპუბლიკა ექნებათ”, - აცხადებს ჟურნალისტი.

ბოჩკალას ინფორმაციით, მესაზღვრეებს და მებრძოლებს შორის არის დანაკარგი და არიან მძიმედ დაჭრილები.

“ჩვენი მებრძოლები დახმარებას და მძიმე ტექნიკას ითხოვენ, სხვაგვარად, როგორც ამბობენ, ნოვოაზოვკის შენარჩუნებას ვერ შეძლებენ, რომლის დაკარგვის შემთხვევაში მარიუპოლოსკენ გზა ხსნილი იქნება”, - წერს ჟურნალისტი.