საქართველოში შემოვა 20 მილიონი ტრანზიტული დოლარი და ელექტროენერგია ანაკლიის პორტისთვის

საქართველოში შემოვა 20 მილიონი ტრანზიტული დოლარი და ელექტროენერგია ანაკლიის პორტისთვის

საქართველოსთვის წელიწადში 20 მილიონ ტრანზიტულ (აშშ) დოლარს და ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ფუნქციონირებისთვის ელექტროენერგიით სრულ უზრუნველყოფას ითვალისწინებს ერევანში ხელმოწერილი ხელშეკრულება სომხეთის მთავრობასა და ქართულ კომპანია Anaklia IEP (Industrial Eco Park) Holding-ს შორის. ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრეს-ცენტრში სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა კომპანია Anaklia IEP Holding-ის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ ქარჩავამ.

ხელშეკრულების თანახმად, სომხეთის ქალაქ ვანაძორში, ყოფილი კიროვაკანის თბოელექტროცენტრალის ტერიტორიაზე გაზზე მომუშავე ელექტროსადგური აშენდება, რომლის სიმძლავრე 540 მეგავატი იქნება, ექნება ორი ენერგობლოკი, თითოეული სიმძლავრით 270 მეგავატი.

პროექტის რეალიზაციისთვის კომპანია Anaklia IEP Holding-ი დაახლოებით 600 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას განახორციელებს. სომხეთის მთავრობა კი, თავის მხრივ, იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს მიწის ნაკვეთის გამოყოფას, აუცილებელი ნებართვების მიღებას, საგადასახადო შეღავათებს, იძლევა გაზის მიწოდების, ელექტროსადგურის ელექტროგადამცემი ხაზების სისტემასთან მიერთებისა და შეუფერხებელი ექსპორტის გარანტიას.

ბრიფინგზე თეიმურაზ ქარჩავამ განაცხადა, რომ თავდაპირველად გაზზე მომუშავე ამ ელექტროსადგურის მშენებლობა ინგლისში იგეგმებოდა, კორპორაცია General Electric-სგან უკვე შეძენილიც იყო 400 მილიონი დოლარის დანადგარები, მაგრამ ინგლისში ბუნებრივ გაზზე დაწესებულმა მაღალმა ფასმა გეგმები შეცვალა. შეირჩა სომხეთი, რომლის მთავრობა იძლევა წელიწადში 1 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდების გარანტიას შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად. ორი თვის ვადაში ინგლისიდან დანადგარების სომხეთში ტრანსპორტირება მოხდება სატვირთო თვითმფრინავებით. ტვირთი არაგაბარიტულია, ამიტომ მისი ზღვით ტრანსპორტირება და შემდეგ საქართველოს გზებით გადაადგილება შეუძლებელია.

გაზზე მომუშავე ელექტროსადგურს ააშენებს და ექსპლუატირებას გაუწევს სომხეთში შექმნილი კომპანია „ანაკლია ენერჯი“. მშენებლობის პროცესში და ექსპლუატაციის პირველი 5 წლის განმავლობაში სომხეთის მთავრობა „ანაკლია ენერჯის“ ათავისუფლებს გადასახადებისგან. გამომუშავებული ელექტროენერგია თითქმის მთლიანად, რაც წელიწადში 4 მილიარდ კილოვატ/საათს შეადგენს, ექსპორტზე გავა.

თეიმურაზ ქარჩავამ განსაკუთრებით აღნიშნა, რომ ვანაძორში გამომუშავებული ელექტროენერგია გამოყენებული იქნება საერთაშორისო კონსორციუმ Anaklia IEP Holding-ის პროექტების განსახორციელებლად, რომელიც საქართველოში შეიქმნა მსოფლიოში ცნობილი კომპანიების British Eco Power, China Power და Citik Group (Hong Kong) მონაწილეობით.

თეიმურაზ ქარჩავას თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობისა და ფუნქციონირებისთვის, ასევე სხვა პროექტების განსახორციელებლად საჭირო იქნება 400 მეგავატი ელექტროენერგია. მაგრამ დღეს საქართველოს ენერგოსისტემას არ გააჩნია კონსორციუმის პროექტების ელექტროენერგიის საჭირო მოცულობით უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ამიტომ გადაწყდა გაზზე მომუშავე ელექტროსადგურის მშენებლობა ვანაძორში. მის ასამოქმედებლად საჭიროა 18 თვე, საქართველოში კი ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად 8 წელი იქნებოდა საჭირო. „ვანაძორის გაზზე მომუშავე ელექტროსადგური, არსებითად, ანაკლიის პორტის მშენებლობაში ჩადებული პირველი ინვესტიციაა“, – განაცხადა თეიმურაზ ქარჩავამ

ანაკლიის პორტის გარდა კონსორციუმ Anaklia IEP Holding-ის ქართულ გეგმებშია აგრეთვე ელექტროსადგურების მშენებლობა, სომხეთში და ყაზახეთში მოპოვებული კონცენტრატებიდან რკინის, სპილენძისა და ალუმინის გადამამუშავებელი საწარმოების მშენებლობა. საკუთარი პროექტების განსახორციელებლად კონსორციუმი 30 ათას სამუშაო ადგილს შექმნის და მომავალში საქართველოში გადასახადის ყველაზე მსხვილი გადამხდელი გახდება.