“ეს ჩვენი ომი არ არის”

“ეს ჩვენი ომი არ არის”

რუსმა სამხედრო ტყვეებმა დაკითხვაზე იმ მიზნების შესახებ ისაუბრეს, რისთვისაც ისინი უკრაინაში ჩავიდნენ.

სამხედროების დაკითხვის კადრები “ფეისბუქის” გვერდზე ანტიტერორისტული ოპერაციის პრესსამსახურმა გაავრცელა, 98-ე დივიზიის მედესანტეების თქმით, სამხედრო ხელმძღვანელობამ ისინი მოატყუა. სმირნოვის თქმით, პოდპოლკოვნიკმა ნემოლიაევმა მათ ინფორმაცია მხოლოდ სწავლების შესახებ მიაწოდა.

ეფრეიტორი რომანცევი კითხვაზე – როგორ აფასებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ქმედებებს, რომელიც მათ ტექნიკას ესროდნენ, პასუხობს, რომ უკრაინელებისთვის უცნობი იყო, ვის საბრძოლო მანქანებს ესროდნენ. მისივე თქმით, უკრაინელები საკუთარ მიწას იცავენ.

თავის მხრივ, ეფრეიტორი მილჩაკოვი აღიარებს, რომ მის ნებაზე რომ ყოფილიყო, არსად წავიდოდა. “მე ვთვლი, რომ უკრაინა დამოუკიდებელი რესპუბლიკაა. თუ რამე პრობლემა აქვს, ქვეყნის შიგნითვე უნდა გადაწყდეს”, - აცხადებს სამხედრო. მისივე თქმით, ისინი გაგზავნეს უკრაინაში, თუმცა მიზანი არ დაუკონკრეტებიათ.  

სერჟანტ გენერალოვის თქმით, რუსმა სამხედროებმა არ იციან, რას აკეთებენ უკრაინაში და რა მიზნით იმყოფებიან იქ. მისივე თქმით, რუსული მედია უკრაინაში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრ ტყუილს ავრცელებს და ეს კეთდება იმიტომ, რომ ადამიანებს თვალები დაუბრავონ.

“რუსეთს უკრაინისგან ფული უნდა, რომელიც ოდესღაც ყოფილმა პრეზიდენტმა წაიღო...”, - აცხადებს სერჟანტი.

ამასთან, გენერალოვი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, უკრაინაში ჯარს ნუ აგზავნის.

“შეწყვიტეთ, არ არის საჭირო. რატომ? ეს ჩვენი ომი არ არის. ჩვენ რომ აქ არ ვიყოთ, არაფერი არ იქნებოდა”, - აცხადებს ტყვე სამხედრო.

ანტიტეორისტულმა ძალებმა რუსეთის შეიარაღებული ძალების 98-ე დივიზიის 10 მედესანტე 24 აგვისტოს დააკავა.