პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, მინსკში შედგეს

პეტრო პოროშენკოსა და ვლადიმერ პუტინის პირისპირ შეხვედრა შესაძლოა, მინსკში შედგეს

უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის პირისპირ შეხვდრა შესაძლოა,  დღეს მინსკში  გაიმართოს. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. 

"მინსკში ასეთი შეხვედრის გამართვას არ გამოვრიცხავთ", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

მისივე თქმით, შესაძლო შეხვედრის შემთხვევაში, რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტები უკრაინის კრიზისის, ჰუმანიტარული დახმარებისა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საკითხებს განიხილავენ. 

"განხილული იქნება ასევე ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირსა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის კონტექსტში. განსახილველი ბევრი თემაა", - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა. 

ბელორუსიის დედაქალაქში დღეს უკრაინის პრეზიდენტი, ევროკომისიის წარმომადგენლები, "საბაჟო კავშირის" წევრი ქვეყნების ლიდერები და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავენ. 

უკრაინული მედიის ცნობით, მინსკში გასამართ შეხვედრაზე განხილული იქნება უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები, ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დონბასში ვითარების სტაბილიზაციის საკითხები. 

ევროკავშირის მხრიდან მინსკში გამართულ შეხვედრას უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში კეტრინ ეშტონი, ევროკომისარი ენერგეტიკის საკითხებში გიუნტერ ოტინგერი და ევროკომისარი ვაჭრობის საკითხებში კარლ დე გუხტი დაესწრებიან.