რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში გუშინ დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პირველი მედალი მოიპოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, 60 კგ-მდე წონაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილი მესამე ადგილზე გავიდა.
ქართველმა ძიუდოისტმა, რომელმაც წელს ევროპის ჩემპიონატზე II ადგილი დაიკავა, ბრინჯაოს მედლამდე 5 ორთაბრძოლა ჩაატარა: 1/32 ფინალში ის თავისუფალი იყო და ასპარეზობა 1/16-ფინალიდან დაიწყო, სადაც ჰოლანდიელი ეროენ მოორენს სძლია. შემდეგ წრეში პაპინაშვილმა გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელს ეშლი მაკენზის აჯობა, 1/4-ფინალში კი ფრანგი სოფიან მილუ დაამარცხა.
1/2-ფინალში ქართველის მეტოქე მონღოლი ბოლდბაატარ განბატი იყო. მსოფლიოს მომავალმა ჩემპიონმა ქართველს გაფრთხილებით მოუგო. მესამე ადგილისთვის შეხვედრაში პაპინაშვილმა ისრაელის ნაკრების ლიდერი სარტიომ არშანსკი დაამარცხა.
ქართველი ძიუდოისტისთვის ეს პირველი მედალია მსოფლიო ჩემპიონატებზე.