რუსული მედიის ცნობით, ნატო-ს უელსის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის

რუსული მედიის ცნობით, ნატო-ს უელსის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის

ნატო-ს უელსის სამიტზე რუსეთი მიწვეული არ არის. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა "კომერსანტი" საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. 

"კომერსანტის" ცნობით, როგორც გამოცემას ნატო-ს შტაბ-ბინაში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რუსეთის დელეგაციის მონაწილეობა უელსის სამიტზე მიზანშეუწონელია. რუსეთის დიპლომატიურ წრეებში კი აცხადებენ, რომ მოსკოვში სამიტზე მიწვევის იმედი არც კი ჰქონდათ. 

"ნატო-ში ჯერ კიდევ აპრილში მიიღეს გადაწყვეტილება რუსეთთან თანამშრომლობის შეჩერებაზე. ეს ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა, ჩვენ მზად ვიყავით ერთობლივი თანამშრომლობის გასაგრძელად. სამწუხაროა, რომ მნიშვნელოვანი პროექტები გაჩერდა. ახლა ბურთი ალიანსის მოედანზეა და ხვეწნას არ დავიწყებთ", - ციტირებს "კომერსანტი" საკუთარი წყაროს კომენტარს. 

ამასთან, გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტიდან ანდერს ფოგ რასმუსენის წასვლის შემდეგ ვარაუდობენ. ნორვეგიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი ნატო-ს გენერალური მდივნის პოსტზე ანდერს ფოგ რასმუსენს 1 ოქტომბრიდან შეცვლის. 
ნატო-ს სამიტი უელსში 4-5 სექტემბერს გაიმართება.