სტამბოლში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილმა ე.წ. საარჩევნო უბანმა მუშაობა განაახლა

სტამბოლში დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილმა ე.წ. საარჩევნო უბანმა მუშაობა განაახლა

სტამბოლში ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებით გახსნილმა ე.წ. საარჩევნო უბანმა მუშაობა განაახლა, აფხაზურმა დიასპორამ კი ეს "ქართულ დიპლომატიაზე" გამარჯვებად შეაფასა.

როგორც "აპსნიპრესს" ე.წ. რეპატრიაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ერკან კუტარბამ განუცხადა, სტამბოლში ხმის მისაცემად რიგში 700-მდე ადამიანი დგას.

მისივე თქმით, პრობლემები უბანზე დღის პირველ ნახევარში შეიქმნა, როდესაც თურქეთში საქართველოს საელჩოს საჩივრის საფუძველზე ადგილზე პოლიცია მივიდა, რომელთაც თითქოსდა დაგეგმილი ტერაქტის შესახებ შეატყობინეს. შენობის დათვალიერების შედეგად კი საეჭვო არაფერი აღმოჩნდა, პოლიციელებმა კი საარჩევნო ყუთის კონფისკაცია მოახდინეს. 

"ამ დროისთვის ახალი ყუთი მოვიტანეთ. ხმის მიცემის მსურველთა დიდი რიგი დადგა. პოლიციის მოსვლამდე 87 ადამიანს ჰქონდა საკუთარი არჩევანი დაფიქსირებული. არც ერთი მათგანი სახლში არ წასულა. თუ აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია ნებას დაგვრთავს, ისინი განმეორებით მისცემენ ხმას", - განაცხადა ერკან კუტარბამ.

ცნობისთვის, თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის ირაკლი კოპლატაძის განცხადებით, ე.წ. საარჩევნო უბანი სტამბოლში კერძო საკუთრებაში, არაოფიციალურადაა გახსნილი და ოფიციალური ანკარის პოზიციაა, რომ არც ამ საარჩევნო უბნის და არც აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. არჩევნების ლეგიტიმაციას არ ცნობს.