ირაკლი კოპლატაძე - სტამბოლში არაფორმალურად გახსნილი ე.წ. საარჩევნო უბანი, არალეგიტიმურ არჩევნებს კიდევ უფრო არალეგიტიმურად ხდის

ირაკლი კოპლატაძე - სტამბოლში არაფორმალურად გახსნილი ე.წ. საარჩევნო უბანი, არალეგიტიმურ არჩევნებს კიდევ უფრო არალეგიტიმურად ხდის

სტამბოლში კერძო სახლში, არაფორმალურად გახსნილი ე.წ. საარჩევნო უბანი, არალეგიტიმურ არჩევნებს კიდევ უფრო არალეგიტიმურად ხდის, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სტამბოლში "საარჩევნო უბნის" გახნსის ფაქტის კომენტირებისას განუცხადა.

"ე.წ. საარჩევნო ყუთი, რაც გახსნეს, ეს არის არასაჯარო დაწესებულებაში, არაოფიციალურად გახნილი და თურქეთის ხელისუფლება აბსოლუტურად ემიჯნება არამარტო ამ პროცესს, არამედ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას. ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ გაკეთდა ოფიციალური განცხადება როგორც ჩვენი მხრიდან, ისე საქართველოში თურქეთის საელჩოს მიერ და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ უახლოეს მომავალში, უკვე ოფიციალური ანკარა ასევე გააკეთებს განცხადებას, რომ ისინი არამარტო ამ არალეგალურ, არაფორმალურ კერძო სახლში გახსნილ ე.წ. უბანს გმობენ, არამედ საერთოდ არალეგიტიმურად ცნობენ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს აფხაზეთში", - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ.

კითხვაზე, არსებობს თუ არა რაიმე ბერკეტი, რათა თურქეთის ხელისუფლებამ მსგავსი კერძო ინიციატივები აღკვეთოს, ელჩი განმარტავს, რომ სახელმწიფოსთვის ძნელია აფხაზური დიასპორის წარმომადგენლის კერძო საკუთრებაში ე.წ. უბნის გახსნის აღკვეთა, თუმცა ოფიციალური ანკარის პოზიციაა, რომ იგი აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს არ აღიარებს.

"ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, ასევე თურქეთის ელჩთან საქართველოში. თურქეთის პოზიცია ცალსახაა - როგორც სახელმწიფოს პოზიცია იყო, რომ ეს არანაირად არ უნდა ჩატრებულიყო საჯარო დაწესებულებაში და არავითარი უზრუნველყოფა, იქნებოდა ეს დაცვის სამსახური, პოლიცია თუ სხვა, არ უნდა ჰქონოდა და ეს ასეც მოხდა. მაგრამ ის, რომ ახლა წარმოშობით აფხაზი, დიასპორის წარმომადგენლის კერძო საკუთრებაში ტარდება ასეთი აქცია და ეს სწორედ იმიტომ კეთდება რომ მერე გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დაარქვან არჩევნების ჩატარება, ამის აღკვეთა იმის გათვალისწინებით, რომ აქ არსებობს დიასპორის წარმომადეგენლთა გარკვეული როდენობა, სახელმწიფოსთვის, გულახდილად რომ ვთქვათ, მართლაც ძნელია", - განაცხადა ირაკლი კოპლატაძემ. 

შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. სააგენტო "აპსნიპრესის" ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით, 154 საარჩევნო უბანი 08:00 საათზე გაიხსნა, ასევე გახსნილია სამი საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ – მოსკოვში, ჩერკესკსა და სტამბოლში. 

გარდა ამისა, აფხაზური მედიის ინფორმაციით, ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირებლები 24 ქვეყნიდან, მათ შორის, რუსეთიდან, სომხეთიდან და იაპონიიდან არიან ჩასულები. საუბარია დელეგაციებზე რუსეთიდან, ნაურუდან, არაღიარებული დნეპრისპირეთის, ყარაბაღისა და დონეცკის ე.წ. რესპუბლიკებიდან, ასევე სომხეთის, იაპონიისა და სხვა ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიაზციებიდან. დამკვირვებლებს შორის არიან იტალიის, ბელგიის, ლუქსემბურგის, დიდი ბრიტანეთის, სან მარინოს, უკრაინის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინლანდიის, ინდოეთის, ბრაზილიის, ჩეხეთის, ბულგარეთისა, ბელორუსისა და ლიტვის მოქალაქეები.

როგორც ე.წ. დამკვირვებლებთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, არც ერთი ე.წ. დამკვირვებელი ჩამოთვლილი ქვეყნებიდან (რომლებიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებენ), ოფიციალურად საკუთარ სახელმწიფოს არ წარმოადგენს და ეს კერძო პირების კერძო ინიციატივაა.
რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ოკუპირებულ აფხაზეთში მას შემდეგ დაინიშნა, რაც ოპოზიციის მიტინგების ფონზე დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი თანამდებობიდან გადადგა.