ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფაა

ოფიციალური თბილისის განცხადებით, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების უგულებელყოფას წარმოადგენს.
ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გავრცელებულ განცხადებაში.

"აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში იმართება ე.წ. რიგგარეშე "საპრეზიდენტო არჩევნები". აღნიშნული უკანონო აქტი წარმოადგენს დემოკრატიული მმართველობის მოჩვენებითი ელემენტებით ოკუპაციისა და ასობით ათასი ადამიანის ეთნიკური წმენდის დაფარვის მორიგ წარუმატებელ მცდელობას. უკანასკნელი 20 წლის მანძილზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან გამოდევნილ პირებს წაერთვა თავიანთ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნების უფლება, ხოლო რეგიონებში დარჩენილი მცირერიცხოვანი ქართული მოსახლეობის ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები, უპირველესად მათი სამოქალაქო, ეკონომიკური და სოციალური უფლებები ყოველდღიურად ირღვევა საოკუპაციო რეჟიმების მიერ. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული დე ფაქტო კონტროლის განმახორციელებელი რეჟიმის განცხადებები, რომლებიც ითვალისწინებს მათ კიდევ უფრო შევიწროებას და რიგ შემთხვევებში გამოდევნას. 

ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა კუთხით მძიმე მდგომარეობის პარალელურად, გრძელდება ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების უგულებელყოფა. საერთაშორისო დამკვირვებლებს, მათ შორის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლისა და იქ არსებული ვითარების ასახვის შესაძლებლობა. გრძელდება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შეთანხმებული ფორმატისა და დღის წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს დღის წესრიგით გათვალისწინებული მნიშვნელოვანი პრაქტიკული საკითხების განხილვას.

2014 წლის 24 აგვისტოს აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში უკანონოდ ორგანიზებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები" წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების, უპირველესად სახელმწიფოთა სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვევობის პრინციპების სრულ უპატივცემულობასა და უგულებელყოფას", - აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი ურყევი პოზიციის შესაბამისად, დაგმოს აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ ჩატარებული ე.წ. "საპრეზიდენტო არჩევნები".