საქართველოს სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილის განცხადებით, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონში ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა, "ბიბისის" რუსულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთ-საქართველოს საზღვრის კრასნოდარდის მხარის, სოჭისა და ადლერის მონაკვეთზე დარღვევისთვის უნდა დაწესდეს ჯარიმა და ეს არ უნდა ითვლებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულად.
"იმის გამო, რომ მოქალაქეებმა, რომლებიც საზღვრის ამ მონაკვეთს კვეთენ, არ იციან, რომ ხვდებიან ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კანონი მათ მიმართ უფრო ლიბერალური და ლოიალური უნდა იყოს. მიმაჩნია, რომ ჯარიმა უნდა იყოს საკმარისი, რათა მათ გაიგონ, რასთან აქვთ საქმე და ქართულ კანონმდებლობას ანგარიში გაუწიონ", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.
სახელმწიფო მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ კანონპროექტი შემოდგომაზე იქნება მიღებული.
"მითუმეტეს, რომ ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ევროკავშირის წინაშე, ასოცირების შესახებ შეთანხმების რეალიზაციის პროცესში. იქ დღის წესრიგში მკაფიოდ არის მითითებული, რომ საქართველომ უნდა შეცვალოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი სწორედ ამ მიმართულებით", - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა.