ბენიამინ ნეთანიაჰუ - 4 წლის ბიჭის სიკვდილი

ბენიამინ ნეთანიაჰუ - 4 წლის ბიჭის სიკვდილი "ჰამასს" ძვირი დაუჯდება

ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ღაზას სექტორში სამხედრო ოპერაცია კიდევ უფრო გაძლიერდება მას შემდეგ, რაც ისრაელში "ჰამასის" შეტევას ოთხი წლის ბავშვი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს. 

"ბიჭის სიკვდილი "ჰამასს" ძვირი დაუჯდება", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

ამასთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის ოფირ გენდელმანის ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები და უსაფრთხოების ძალები "ჰამასის" წინააღმდეგ ოპერაციას იქამდე გააძლიერებენ, ვიდრე ისრაელის მიერ წარმოებული ოპერაციის "ურღვევი კლდე" მიზანი არ იქნება მიღწეული. 

ისრაელის მხარის განცხადებით, ღაზას სექტორთან ახლოს მდებარე სოფელ სდოთ-ნეგევში "ჰამასის" შეტევის შედეგად, ჭურვი საბავშვო ბაღს მოხვდა, რის შედეგადაც 4 წლის ბიჭი დაიღუპა. 
პალესტინური მხარის განცხადებით კი, გუშინ ისრაელის ავიაშეტევების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. 

"ბიბისის" ცნობით, 8 ივლისს დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად 2 090 პალესტინელი დაიღუპა, რომელთა შორის უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა. ისრაელის მხარის განცხადებით, ისრაელში 67 ადამიანი დაიღუპა.