ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსული მოკლეს

ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსული მოკლეს

ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი მოკლეს. ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკევიჩიუსმა გუშინ "ტვიტერზე" დაწერა. "ღრმა მწუხარებით ვიტყობინები, რომ ეს-ესაა შევიტყე – ლუგანსკის ოლქში ტერორისტებმა გაიტაცეს და სასტიკად მოკლეს ლიტვის საპატიო კონსული მიკოლა ზელენიჩი", - დაწერა ლინას ლინკევიჩიუსმა გუშინ "ტვიტერზე". 

ლიტვის საპატიო კონსულის მკვლელობას გამოეხმაურა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ქეთრინ ეშტონი. მისი განცხადებით, ლუგანსკში ლიტვის საპატიო კონსულის მიკოლა ზელენიჩის გატაცება და მკვლელობა ტერორისტული აქტია. 

"შეძრწუნებული ვართ ლუგანსკში, უკანონო შეიარაღებული ფორმირებების მიერ ლიტვის საგარეო კონსულის მიკოლა ზელენიჩის გატაცებითა და სადისტური მკვლელობით. მკაცრად ვგმობთ ამ ტერორისტულ აქტს და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს. ყველა, ვინც პასუხისმგებელია ამ დანაშაულში, უნდა გადაეცეს სასამართლოს", - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის განცხადებაში.