ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი

ბარაკ ობამა და ანგელა მერკელი "ჰუმანიტარული კოლონის" შესვლას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად აფასებენ

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე "ჰუმანიტარული ტვირთის" გაგზავნა უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე, პროვოკაცია და უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა სატელეფონო საუბრისას განაცხადეს.

"ბარაკ ობამამ და ანგელა მერკელმა გამოხატეს შეშფოთება უკრაინის საზღვართან რუსეთის დიდი რაოდენობის ჯარების ყოფნასთან დაკავშირებით, ასევე უკრაინაში რუსი სამხედროების ყოფნის გამო. რუსეთის მხრიდან უკრაინის ტერიტორიის დაბომბვა წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას", - ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თეთრი სახლის ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აუცილებელია, რუსეთმა გაიყვანოს "ჰუმანიტარული კოლონა" უკრაინის ტერიტორიიდან და მოახდინოს ვითარების დეესკალაცია უკრაინის ტერიტორიიდან შეიარაღების, სამხედრო ტრანსპორტის, სამხედრო პერსონალის გაყვანით, ასევე შეაჩეროს აღამოსავლეთ უკრაინაში სამხედროების, სამხედრო ტექნიკისა და ჯავშანტექნიკის ნაკადი.

გუშინ უკრაინის საზღვარი გადაკვეთა "ჰუმანიტარული ტვირთით" დატვირთულმა 227-მა რუსულმა სატვირთომ. უკრაინული მედიის ცნობით, რუსეთის "ჰუმანიტარული კოლონა" ლუგანსკამდე მივიდა.