ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საავტომობილო ტურის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრება

ირაკლი ღარიბაშვილი საერთაშორისო საავტომობილო ტურის მონაწილეებთან შეხვედრას დაესწრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დღეს, ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" საერთაშორისო საავტომობილო ტურის - "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილე ჟურნალისტებთან დასკვნით შეხვედრას დაესწრება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობენ საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, ასევე აჭარის მთავრობისა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

შეხვედრაზე მოწვეულნი არიან "აბრეშუმის გზის" ქვეყნების (ჩინეთი, ყაზახეთი, თურქეთი, იტალია და ა.შ.) ელჩები და საელჩოების წარმომადგენლები.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო საავტომობილო ტურის "მოგზაურობა ათიათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" მონაწილეების ავტოკოლონა საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდა. ეს არის მასშტაბური ეკონომიკურ-კულტურული ექსპედიცია, რომლის მიზანია ისტორიული "აბრეშუმის გზის" ქვეყნების ეკონომიკური, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული და ისტორიული მდგომარეობის გაცნობა ჩინეთის მოსახლეობისთვის (პირდაპირი ჩართვების, საინფორმაციო გამოშვებაში გაშუქებისა და ჩანაწერების საშუალებით). საავტომობილო ტურის ინიციატორი ჩინეთის საგარეო საქმეთა და ინფორმაციის სამინისტროები არიან. ღონისძიებაში მონაწილეობენ ჩინეთის ცენტრალური ტელე-რადიო არხების, ბეჭდური მედიის, ინტერნეტ გამოცემებისა და წამყვანი საინფორმაციო სააგენტოების ცნობილი ჟურნალისტები და გადამღები ჯგუფები. ისინი "აბრეშუმის გზის" ქვეყნებში ამზადებენ საინფორმაციო მასალებს, რომლებიც ჩინურენოვან მოსახლეობას მიეწოდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

დელეგაცია საქართველოს 24 აგვისტოს დატოვებს და თურქეთის მიმართულებით გაემგზავრება.