ბერლინი შიშობს, რომ პრორუსი მეამბოხეების დამამცირებელი დამარცხება, პუტინის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს

ბერლინი შიშობს, რომ პრორუსი მეამბოხეების დამამცირებელი დამარცხება, პუტინის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დღეს კიევში ჩავა. ვიზიტის ფარგლებში, კანცლერი უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან მოლაპარაკებებს გამართავს. სააგენტო "როიტერის" ინფორმაციით, ბერლინსა და სხვა ევროპულ დედაქალაქებში შეშფოთებულები არიან იმის გამო, რომ უკრაინის სამხედრო წარმატებები ამცირებს რუსეთის ლიდერის იმიჯის შენარჩუნების გზით კრიზისიდან გამოსვლის შესაძლებლობას. "როიტერის" წყაროს ცნობით, შედეგად გერმანელი დიპლომატების ძალისხმევა მიმართულია იქითკენ, რომ უკრაინის პრეზიდენტს მოუწოდონ თავშეკავებისკენ, რათა თავიდან აიცილონ პრორუსულად განწყობილი მეამბოხეების დამამცირებელი დამარცხება, ვინაიდან ბერლინი შიშობს, რომ ეს ყოველივე ვლადიმერ პუტინის მკვეთრ რეაქციას გამოიწვევს.

"პოროშენკომ უნდა იცოდეს, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში კრიზისის გადაჭრის ძალისმიერი მეთოდი არ არსებობს. იარაღით ვერ გაიმარჯვებს, პუტინი ამას არ დაუშვებს", - განუცხადა "როიტერს" ერთ-ერთმა გერმანელმა სახელმწიფო მოხელემ, ანონიმურობის დაცვის პირობით და დასძინა, რომ ანგელა მერკელი შეეცდება, ვიზიტის ფარგლებში, პოროშენკო აღნიშნულში დაარწმუნოს და მას პრობლემის გადაჭრის "დიპლომატიური გზების" ძიებისკენ მოუწოდოს.

უკრაინაში ვიზიტამდე კი ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია არ აპირებს გააგზავნოს სამხედროები უკრაინის აღმოსავლეთში კრიზისის დასარეგულირებლად და გერმანიის მთავრობა უპირატესობას ანიჭებს "დიპლომატიისთვის შანსის მიცემას".