რუსული ავტოკოლონის მიერ საზღვრის გადაკვეთას, კიევი უკრაინაში პირდაპირ შეჭრად აფასებს

რუსული ავტოკოლონის მიერ საზღვრის გადაკვეთას, კიევი უკრაინაში პირდაპირ შეჭრად აფასებს

უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსმა, ვალენტინ ნალივაიჩენკომ რუსული ავტოკოლონის მიერ საზღვრის გადაკვეთა რუსეთის მიერ უკრაინაში პირდაპირ შეჭრად შეაფასა. როგორც ვალენტინ ნალივაიჩენკომ განაცხადა, ე.წ. ჰუმანიტარული კოლონა უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული სეპარატისტების თანხლებით გადაადგილდება.

"ჩვენ ამას ვუწოდებთ პირდაპირ შემოჭრას. ეს სამხედრო ავტომანქანებია, ხაკისფერი, უბრალოდ, დროებით თეთრად გადაღებილი. ესენი სამხედროები არიან, ჰუმანიტარული დოკუმენტების საფარქვეშ", - განაცხადა ნალივაიჩენკომ და დასძინა, რომ აღნიშნული ტრანსპორტი შესაძლოა, არტილერიისთვის იქნას გამოყენებული.

რუსულმა სატვირთო ავტომანქანების კოლონამ საზღვარი ლუგანსკის ოლქში, გამშვებ პუნქტ "იზვარინოში" გადაკვეთა, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ "რუსეთის ჰუმანიტარული დახმარების კოლონა" ლუგანსკის მიმართულებით გადაადგილდა და უკრაინის მიერ ტვირთის ოფიციალურად გაფორმებას არ დაელოდა.