"ნაციონალური მოძრაობა" დავით ნარმანიას მიმართავს

საკრებულოს ფრაქციები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და "ნაციონალური მოძრაობა-თბილისი" მოითხოვს, დავით ნარმანიამ საჯარო გახადოს მიმართვის ის ტექსტი , რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერიის დაქვემდებარებული ორგანიზაციების შემოწმება დაიწყო. როგორც ფრაქციების განცხადებაშია ნათქვამი, სავარაუდოდ ასეთი მიმართვა თითოეულ ორგანიზაციაში არსებული დარღვევების მითითებით არ არსებობს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასრულებს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას.

"რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია რევიზიის ჩატარების მოთხოვნით უწყების ხელმძღვანელი, თბილისის მერი მიმართავდეს საგამოძიებო სამსახურებს, როდესაც მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში მას აქვს ორი უწყება, საკრებულოს სარევიზიო კომისია და მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური, რომ არაფერი ვთქვათ სახელმწიფო აუდიტის სამსახურზე, რომელთა ერთადერთი ფუნქცია სწორედ ორგანიზაციების საქმიანობის შესწავლა, ნაკლოვანებების გამოვლენა და მათზე რეაგირების ღონისძიებების დასახვაა. ნათელია, რომ დავით ნარმანია წარმატებით აგრძელებს ცენტრალური ხელისუფლების მიერ მყარად დამკვიდრებულ პრაქტიკას, საგამოძიებო ორგანოები გამოყენებული იქნას პოლიტიკური ზეწოლის ინსტრუმენტად. ეს განსაკუთრებით ცხადია თბილისის მერიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, როდესაც მასშტაბურად ხდება ადამიანების იძულება დატოვონ სამსახურები, მხოლოდ იმიტომ რომ მათი ადგილები მომავალში დაიკავონ ,,ქართული ოცნების" აქტივისტებმა და ხელისუფლების ნათესავებმა", - ნათქვამია განცხადებაში. 

ფრაქციები მიიჩნევენ, რომ ორგანიზაციების საქმიანობაში გარკვევის რეალური სურვილის არსებობის შემთხვევაში, დავით ნარმანიას მათი შემოწმება უნდა დაევალებინა მის სისტემაში არსებული მაკონტროლებელი სამსახურებისთვის და მხოლოდ დარღვევების დადასტურების შემდეგ მიემართა საგამოძიებო სამსახურებისთვის. 

"შესაბამისად, მოვითხოვთ დავით ნარმანიამ დღესვე საჯარო გახადოს მიმართვის ის ტექსტი, რომელზე რეაგირებასაც ახდენს საგამოძიებო სამსახური. სავარაუდოდ ასეთი მიმართვა თითოეულ ორგანიზაციაში არსებული დარღვევების მითითებით არ არსებობს, რაც კიდევ ერთი დადასტურებაა რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ასრულებს ,,ქართული ოცნების" პოლიტიკურ დაკვეთას. ცალსახაა, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა თბილისის მერიაზე არაფერ კავშირშია მათ მიმდინარე საქმიანობასთან და ის მხოლოდ და მხოლოდ უკავშირდება იქ მომუშავე ადამიანების დაშინებას და იძულებას, ასევე თბილისის ახალი მთავრობის სრული უმოქმედობისა და უნიათობის ფონზე მოსახლეობისთვის ილუზიის შექმნას, რომ რაღაც კეთდება. მოვუწოდებთ დავით ნარმანიას, გააცნობიეროს, რომ ის არის თბილისის მერი, შესაბამისად უნდა იყოს მის სისტემაში მომუშავე ყველა ადამიანის ინტერსების დამცველი და არ უნდა ცდილობდეს მათ დათრგუნვას, სამსახურებიდან გაყრას საგამოძიებო სამსახურების გამოყენებით. შევახსენებთ მას, რომ უხეში, უშედეგო ძალადობის ნაცვლად მისი თანამშრომლები მისგან ელოდებიან სამუშაოს განხორციელებისას მაქსიმალურ ხელშეწყობას, ხოლო თბილისელები კონკრეტული პროგრამებისა და იდეების განხორციელებას, რაც მათი ცხოვრების ხარისხს გააუმჯობესებს", - აღნიშნულია განცხადებაში. 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური თბილისის მერიის დაქვემდებარებულ 13 ორგანიზაციაშია შესული. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგამოძიებო უწყებაში განუცხადეს, გამომძიებლები შესულები არიან "ჰერმესში", სპორტის სასახლეში, გლდანის საცურაო აუზში,"ლოგოსში" და სხვა შპს-ებში. შემოწმება თბილისის მერის მოთხოვნით მიმდინარეობს.