საბაჟო-გამშვებ პუნქტ

საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგთან" ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ვაჟა ფანჩულიძის განცხადებით, საბაჟო-გამშვებ პუნქტ "ყაზბეგთან" ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილას გადმოიყვანეს. როგორც რადიო "პალიტრის" ეთერში ფანჩულიძემ განაცხადა, სამუშაოები გამთენისას განახლდა და აქტიურად მიმდინარეობს. რაც შეეხება უშუალოდ გზას, ფანჩულიძის თქმით, 1-2 დღეში ზუსტი პასუხი ეცოდინებათ, თუ როდის აღდგება საავტომობილო მოძრაობა დარიალის ხეობაში. 

"ადგილზე ყველა სახის ტექნიკაა მობილიზებული და მიმდინარეობს აღდგენითი,  და გაწმენდითი სამუშაოები გზის სავალ ნაწილში. კარგი სამუშაო ამინდია და ხელისშემშლელი ფაქტორი არ არის. ყველა სახის ტექნიკა ადგილზეა. უახლოეს 1-2 დღეში საზოგადოებას ინფორმაციას მივაწოდებთ, თუ რამდენ ხანში შევძლებთ გზის გახსნას. გზის სავალი ნაწილიდან მოვაშორეთ წყალი და მიმდინარეობს გზის აღდგენითი სამუშაოები", - განაცხადა ფანჩულიძემ. 

მისივე თქმით, ავტოკოლონები გზის გასწვრივ კვლავ არის, რადგან სტიქიამ საავტომობილო გზის ნაწილი დაკეტა. 

"მათ მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ უახლოეს დღეებში  გზის გახსნა შეუძლებელი იქნება” - აღნიშნა ფანჩულიძემ.