გარემოს დაცვის სამინისტრო - მყინვარ დევდორაკზე სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი კვლავ არსებობს

გარემოს დაცვის სამინისტრო - მყინვარ დევდორაკზე სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი კვლავ არსებობს

მონიტორინგის შედეგად, მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი, – ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" სამინისტროდან აცნობეს, გარემოს ეროვნულ სააგენტოში შეიქმნა სპეციალისტებისგან დაკომპლექტებული საგანგებო ჯგუფი. მათ მოახდინეს დევდორაკის ვიზუალური დათვალიერება. მონიტორინგის შედეგად, მყინვარ დევდორაკზე კვლავ არსებობს სტიქიური პროცესების გააქტიურების რისკი. 

"მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ დარიალის ხეობაში დაწესდეს 24 საათიანი მონიტორინგი, რაც მოგვცემს სტიქიის შესახებ ადრეულად გაფრთხილების შესაძლებლობას. გარდა ამისა, მდინარე დევდორაკსა და ამალთეას შესართავთან დამონტაჟდება ავტომატური მეტეოროლოგიური სადგური, რომელიც ავტომატურ რეჟიმში გაზომავს: ნალექის რაოდენობას, ტემპერატურას, ატმოსფერულ წნევას და გარემოს ეროვნული სააგენტოს ცენტრალურ ოფისს ინფორმაციას ონლაინ რეჟიმში მიაწვდის. ასევე, შემუშავდა და დასრულდა ტექნიკური დავალება, იმ თანამედროვე აღჭურვილობის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომელიც უზრუნველყოფს ადრეული გაფრთხილების სისტემის მუშაობას ონლაინ რეჟიმში. გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ უკვე მიმდინარეობს პროცედურები ტექნიკის შესყიდვასთან დაკავშირებით ევროპის წამყვანი კომპანიებიდან", - ნათქვამია განცხადებაში.