დარიალის ხეობაში საგანგებო შტაბის თათბირი გაიმართა

დარიალის ხეობაში საგანგებო შტაბის თათბირი გაიმართა

დარიალის ხეობაში,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ პრემიერ-მინისტრის განკარგულებით შექმნილ საგანგებო შტაბში თათბირი  ჩატარდა. სხდომას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, შინაგან საქმეთა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის   და ფინანსთა მინისტრები  და პრემიერ-მინისტრის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში მინდია ჯანელიძე ესწრებოდნენ.

თათბირზე მიწის ჩამოშლის შემდეგ ნეიტრალურ ტერიტორიაზე დარჩენილი მოსახლეობის ევაკუაციის გეგმა შეიმუშავეს  და სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებზე იმსჯელეს. დაიგეგმა სამაშველო  და გაწმენდითი სამუშაოების  შემდგომი მიმართულებები.

დევდორაკის ხეობაში მეწყერი გასულ ღამით ჩამოწვა. ექსპეტების პირველადი შეფასებით მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მნიშვნელოვნად აღემატება ამავე ტერიტორიაზე, მიმდინარე წლის მაისში ჩამოწოლილი მეწყერის  მიერ ქვეყნისთვის მიყენებულ ზარალს, რაც ჩამოშლილ მასაში  წყლის  მაღალი კონცენტრაციითაა განპირობებული. უკვე ცნობილია, რომ გასულ ღამეს მთის ზოლიდან დაახლოებით 300-400 კუბური მეტრის მოცულობის  ქანები ჩამოიშალა.