საქართველოს პრეზიდენტი „აბრეშუმის გზის

საქართველოს პრეზიდენტი „აბრეშუმის გზის" საავტომობილო ექსპედიციის მონაწილეების მიღებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტი დღეს თბილისის ზღვის პლაზაში საავტომობილო ექსპედიციის „მოგზაურობა 10 ათასკილომეტრიან აბრეშუმის გზაზე" წევრთა მიღებას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა ამ პროექტის მნიშვნელობასა და იმ ისტორიულ ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც 2 ათასი წლის წინათ საქართველოსა და ჩინეთს შორის აბრეშუმის გზის გავლით ჩამოყალიბდა. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება უცხოური ინვესტიციების ზრდის აუცილებლობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის თანამშრომლობა უნდა გაღრმავდეს როგორც ეკონომიკის, ისე ტურიზმის, კულტურის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. მისი თქმით, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება ერთობლივ მუშაობას და თანამშრომლობას, რომელსაც დიდი პერსპექტივა აქვს.

„ეს ქართულ-ჩინური თანამშრომლობის მნიშვნელოვანი პროცესია,  იმ უმნიშვნელოვანესი პროექტისა, რომელსაც აბრეშუმის გზა ჰქვია. საქართველო ამ გზის მნიშვნელოვანი შემაერთებელი ნაწილია, როგორც კასპიისა და შავი ზღვის აუზების უმნიშვნელოვანესი რგოლი, ისე გლობალურად - აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების თვალსაზრისით. თქვენ იცით, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ვახორციელებთ უმნიშვნელოვანეს ინფრასტრუქტურულ პროექტებს. როგორც ლაო-ძიმ თქვა: „მილიონკილომეტრიანი გზა პირველი ნაბიჯით იწყება". ეს ნაბიჯი გადადგეს ჩვენმა წინაპრებმა და ჩვენ უნდა განვამტკიცოთ თანამედროვე რეალობაში", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

დღესვე საქართველოს პრეზიდენტი აღნიშნული პროექტის მონაწილეებს შეხვდა, რომლებმაც მოგზაურობა 10 ათასკილომეტრიან „აბრეშუმის გზაზე" 19 ივლისს ჩინეთის ქალაქ სიანიდან დაიწყეს და საქართველოში 20 აგვისტოს შემოვიდნენ. ექსპედიციის მიზანია აბრეშუმის გზის ქვეყნების ეკონომიკური, სავაჭრო, საინვესტიციო, ტურისტული, კულტურული მდგომარეობის გაცნობა-პოპულარიზაცია და „აბრეშუმის გზის" დერეფნის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება. პროექტი მომავალი 6 წლის განმავლობაში გაგრძელდება, ექსპედიციის შემადგენლობა კი  ყოველწლიურად შეიცვლება.