მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ყაზბეგში 150-მდე ადამიანი ჩაიყვანეს

მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ყაზბეგში 150-მდე ადამიანი ჩაიყვანეს

დარიალის ხეობაში არსებული მამათა მონასტრის მიმდებარე ტერიტორიიდან ყაზბეგში ამ დროისთვის 150-მდე ადამიანის ჩამოყვანა მოხდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" რეგიონული განვითარების მინისტრმა დავით შავლიაშვილმა განუცხადა, ეს ის მოქალაქეები არიან, რომლებმაც ლარსი-ყაზბეგის საბაჟო გამშვებ პუნქტზე საბაჟო კონტროლი გაიარეს, თუმცა სტიქიის გამო გზის გაგრძელება ვეღარ შეძლეს.

მინისტრის განმარტებით, აღნიშნულ პირებს შორის, საქართველოს გარდა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.

"ეს ხალხი საქართველოში ოთხი ავტობუსით მოდიოდა. მათი გადმოყვანა უკვე რამდენიმე საათია ვერტმფრენით ხორციელდება. რეისები იქამდე შესრულდება, ვიდრე ხალხის ევაკუაცია სრულად არ მოხდება. რაც შეეხება ავტობუსებს, ჯერჯერობით ისინი სტიქიის ზონაში რჩებიან", - განაცხადა მინისტრმა.

ევაკუირებული მოქალაქეების განთავსება ყაზბეგის ცენტრში მდებარე საავადმყოფოს შენობაში ხდება. ისინი დავით შავლიაშვილმა პირადად მოინახულა და მათ წყლითა და ტკბილეულით გაუმასპინძლდა.

როგორ მინისტრმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თბილისიდან გამოძახებულია ოთხი ავტობუსი, რომელიც ამ პირების დედაქალაქში ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს.

"თბილისიდან კი ისინი უკვე სასურველი მიმართულებით თავად გადაადგილდებიან", - აღნიშნა შავლიაშვილმა.