ნინო ჩხობაძე დარიალის ხეობაში სტიქიის გამეორებას არ გამორიცხავს

ნინო ჩხობაძე დარიალის ხეობაში სტიქიის გამეორებას არ გამორიცხავს

კოკისპირული წვიმის შემთხვევაში, მეწყერის ჩამოწოლა კიდევ მოსალოდნელია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა , ორგანიზაცია "საქართველოს მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძემ განუცხადა.

ნინო ჩხობაძე დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლას კლიმატის ცვლილებას, ძლიერ წვიმას უკავშირებს. მისი განმარტებით, ძლიერი წვიმის შედეგად ეროზირებული ფერდების გამორეცხვა დაიწყო.

"როგორც გაირკვა, ძირითადი მაპროვოცირებელი ამ შემთხვევაში ძლიერი წვიმა იყო. ეს პროგნოზი სპეციალისტებისგან მოსმენილი გვქონდა, რომ მასის გარკვეული რაოდენობა აუცილებლად ჩამოწვება. უფრო მეტის მოლოდინიც იყო, რადგან დაგროვილია დიდი რაოდენობის მასა. შედეგები მძიმეა, რადგან ხეობაში დიდი რაოდენობით ნატანი შემოიტანა და ყველა ძლიერი წვიმის დროს, ეს ყოველთვის მოსალოდნელია. ჩვენ ვიცოდით, რომ მთლიანობაში მოწყვეტილი იყო დაახლოებით 10 მილიონ კუბურ მეტრამდე მასა, 17 მაისს დაახლოებით ორი მილიონი ჩამოვიდა, ხეობა გადაკეტა, დანარჩენი 8 მილიონი სადღაც არის დარჩენილი. ახლა ქვედა ნაწილიდან მოწყვიტა დაახლოებით 400 000 კუბური მეტრი, კიდევ ბევრია ზევით დარჩენილი და სტიქია კიდევ მოსალოდნელია", - აღნიშნა ნინო ჩხობაძემ.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. დატბორილია ყაზბეგი-ლარსის საბაჟო. ხეობაში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია ორი დაკარგულის შესახებ, თუმცა, წუხელ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ჰესზე მომუშავე ოთხ მუშასთან დაკავშირება ვერ ხერხდებოდა.

დარიალის ხეობაში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. მაშინ სტიქიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.