ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა სისასტიკე იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა

ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა სისასტიკე იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა

აშშ-ის პრეზიდეტის ბარაკ ობამას განცხადებით, ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლის მკვლელობა სისასტიკე იყო, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. ამის შესახებ ინფორმაციას "ბიბისი" ავრცელებს.

მისივე თქმით, დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო", რომელიც სირიისა და ერაყის ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს, სიმსივნური წარმონაქმნია და დაჯგუფების იდეოლოგია სრულიად უსაფუძვლოა.

"ასეთი დაჯგუფებები დამარცხებიან, რადგან მომავალი გამარჯვებები იმ ადამიანებზეა, ვინც აშენებენ და არა – ანგრევენ", - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

შეიარაღებული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წევრების მიერ ამერიკელი ჟურნალისტის მკვლელობა დაგმეს გაერო-მ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა.

დაჯგუფება "ისლამურმა სახელმწიფომ" ინტერნეტში გაავრცელა ვიდეო, სადაც ასახულია ამერიკელი ჟურნალისტის ჯეიმს ფოლისთვის თავის მოკვეთის კადრები. ბოევიკების განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობა აშშ-ის მიერ ერაყში განხორციელებულ თავდასხმებზე შურისძიებაა.

40 წლის ჯეიმს ფოლი, რომელიც სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოებისთვის წლების განმავლობაში მუშაობდა ახლო აღმოსავლეთში, ტერორისტებმა 2012 წელს გაიტაცეს სირიაში და მას შემდეგ დაკარგულად ითვლებოდა. პენტაგონის განცხადებით, აშშ-ი ეცადა სირიაში ამერიკელი მძევლების გათავისუფლებას, თუმცა ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა.

ამასთან, "ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტის" მონაცემებით, 1992 წლიდან 2014 წლის ჩათვლით, მსოფლიოში 1 070 ჟურნალისტი მოკლეს. ამ პერიოდის განმავლობაში ყველაზე მეტი – 165 ჟურნალისტი ერაყში მოკლეს.