ობამა და პუტინი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე არიან მიწვეულები

ობამა და პუტინი რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე არიან მიწვეულები

აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი თურქეთის ახლად არჩეული პრეზიდენტის რეჯეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაციაზე არიან მიწვეულები. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

გამოცემა Today’s Zaman-ის ცნობით, ამ დრომდე უცნობია ინაუგურაციაზე დამსწრებ სტუმართა სრული სია. თუმცა, გამოცემის ინფორმაციით, შესაძლოა აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების ნაცვლად, ინაუგურაციაზე მათი წარმომადგენლები ჩავიდნენ.

თურქეთის არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

რეჰეფ ტაიპ ერდოღანის ინაუგურაცია ანკარაში 28 აგვისტოს გაიმართება. 10 აგვისტოს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ერდოღანმა არჩევნებში მონაწილეთა ხმების 51,8 პროცენტი მიიღო.

თურქეთში გამართული საპრეზიდენტო არჩევნები პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მოსახლეობამ პრეზიდენტი პირდაპირი წესით აირჩია. ქვეყნის პირველ პირს მანამდე პარლამენტი ირჩევდა და ინაუგურაციის ცერემონიას სხვა ქვეყნის ლიდერები არ ესწრებოდნენ.