დარიალის ხეობაში საგანგებო მდგომარეობის მასშტაბების დადგენაში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ

დარიალის ხეობაში საგანგებო მდგომარეობის მასშტაბების დადგენაში რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ

დარიალის ხეობაში მეწყერის ჩამოწოლის გამო, ზემო ლარსის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე რუსეთის მხარეს რამდენიმე ათეული სატვირთო მანქანა დგას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. სამხრეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

"იტარ-ტასის" ცნობით, საგანგებო მდგომარეობის მასშტაბების დადგენაში ქართველ სპეციალისტებთან ერთად, რუსი სპეციალისტებიც მონაწილეობენ. რუსეთიდან მომავალ მძღოლებს კი ურჩევენ, თავი შეიკავონ ზემო ლარსის მხრიდან რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისგან.

დარიალის ხეობაში მეწყერი წუხელ ჩამოწვა. ამ დროისთვის არსებული არაოფიციალური ინფორმაციით, დარიალის ხეობაში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად დაკარგულად ორი ადამიანი მიიჩნევა. დევდორაკის ხეობაში მთის მასა ინტენსიური წვიმისა და ღვარცოფის შედეგად ჩამოწვა.

დარიალში მეწყერი მიმდინარე წლის 17 მაისსაც ჩამოწვა. სტიქიას მაშინ 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.