სამწუხაროდ, ჩემს ანგარიშზე არც ხილულად, არც მალულად ასეთი თანხები არ არსებობს

სამწუხაროდ, ჩემს ანგარიშზე არც ხილულად, არც მალულად ასეთი თანხები არ არსებობს

სამწუხაროდ, ჩემს ანგარიშზე არც ხილულად, არც მალულად ასეთი თანხები არ არსებობს, - ამის შესახებ სახელმწიფო მინისტრმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, ალექსი პეტრიაშვილმა "ქრონიკის" ეთერში, საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის მიერ ერთ-ერთ ბრიტანულ ბანკში ანგარიშის დახურვის საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

"ძალიანაც კარგი, რომ განმარტავს ბატონი დავით ბაქრაძე, რაშია საქმე. მე ყოველ მიზეზგარეშე მინდა განვაცხადო, რომ ყოველგვარი პოლიტიკური დევნა ამ შემთხვევაში გამორიცხულია. რეალურად აქ არის საუბარი თანხებზე, რომელთა დეკლარაციაში არსებობის ან არარასებობის თაობაზე კითხვებს უნდა გაეცეს პასუხები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს საკითხი ძალიან სწრაფად გაირკვევა, პროკურატურა მიიღებს სათანადო პასუხებს. საერთოდ, ყოველთვის ჩვენი ოპონენტების მხრიდან არის მცდელობა ბუზიდან სპილოს გარდაქმის და პოლიტიკური დევნის ელფერის მიცემისა ყველა შემთხვევაზე. საზოგადოებას აინტერესებს ჩემი, პრემიერ-მინისტრის, პრეზიდენტის, ოპონენტების ანგარიშები. ჩვენ ყველა ვართ გამჭვირვალე და ყველა ჩვენგანი გასცემს პასუხს კითხვებს ასეთი ანგარიშების არსებობის შემთხევავაში", - განაცხადა პეტრიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ დავით ბაქრაძესთან დაკავშირებით გამოძიება დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე დაიწყო.

"მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც 2014 წლის 28 ივლისს დავით ბაქრაძემ და მისმა მეუღლემ HჩBშ ბანკის ინგლისის ოფისში დახურეს საბანკო ანგარიშები, რომლებზეც განთავსებული ჰქონდათ 276 849,89 გირვანქა სტერლინგი (795 000 ლარი) და გადაიტანეს სხვა საბანკო ანგარიშებზე. დავით ბაქრაძის მიერ, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის შესახებ წარდგენილ დეკლარაციებში დაფიქსირებულ, დავით ბაქრაძისა და მისი ოჯახის წევრების ერთობლივ შემოსავალს ბევრად აღემატება გამოქვეყნებულ საბანკო დოკუმენტებში ასახული თანხა. ასევე კანონით დადგენილი ვალდებულების მიუხედავად დეკლარაციებში საერთოდ არ არის მითითებული ინფორმაცია ზემოაღნიშნული საბანკო ანგარიშისა და ანაგარიშზე ფულადი თანხის არსებობის შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან მასმედიის საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულის ნიშნებს, საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 355-ე მუხლითა და 194-ე მუხლის მესამე ნაწილით, დეკლარაციაში განზრახ არასწორი მონაცემის შეტანისა და უკანონო ან/და დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქრაძის მტკიცებით კი, თანხა, რომელიც მის ოჯახს ბანკ HSBC-ის ანგარიშზე ჰქონდა, მისი სიმამრის საცხოვრებელი სახლის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს წარმოადგენს და სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებთან არანაირი კავშირი არ აქვს.