ოლეგ მელნიკოვი - ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის საქმეზე ყველაფერი იცოდა

ოლეგ მელნიკოვი - ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის საქმეზე ყველაფერი იცოდა

ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი იცოდა, - ამის შესახებ დღევანდელ სასამართლო პროცესზე ოლეგ მელნიკოვმა განაცხდა. მელნიკოვის დაკითხვა გირგვლიანის საქმეზე დღეს დასრულდა. 

"ყველაფერი იცოდა ვანო მერაბიშვილმა, რადგან ყოველდღიური კონტაქტი ჰქონდა დათა ახალაიასთან. მეც მქონდა ამ საქმეზე მასთან ლაპარაკი. დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი ტელეფონით კონტაქტობდნენ. დათა ეუბნებოდა, რომ არ ენერვიულა. ყველაფერი კარგად იქნებოდა და ზედმეტს არავინ არაფერს იტყოდა. ვგულისხმობ იმ ბიჭებს, რომლებიც დააკავეს", - განაცხადა მელნიკოვმა.
რაც შეეხება "შარდენ ბარში" განვითარებულ პრობლემებს, მისი თქმით, სალაყაიამ უთხრა დათა ახალაიას "დაეხმარე ამ გოგოს".

"ამის შემდეგ დათა ახალაიამ მითხრა მე: "გადაეცი ალანიას, დაიჭირონ და წაიყვანონ და დანარჩენს ტელეფონით ვეტყვითო". ორჯერ გავედი, პირველი შევხვდი მეტრეველს და შემდეგ ალანიას და ეს ვუთხარი", - განაცხადა მელნიკოვმა.

მისივე თქმით, ის როდესაც გამომძიებელმა დაკითხა იმ პერიოდში წარმოებული გამოძიებისას დათა ახალაიას მიერ მიცემული ჩვენება წაიკითხა. 

"ეს მოხდა სანოძის ოთახში. იქ იმყოფებოდნენ თაკო სალაყაია, ანა კალანდაძე და კიდევ მესამე პიროვნება, რომელიც არ მახსოვს. მე წავიკითხე დათა ახალაიას მიერ მოცემული დაწერილი ჩვენება", - განაცხადა მელნიკოვმა. 

მისივე თქმით, ის არანაირი დაპირების სანაცვლოდ არ აძლევს აღიარებით ჩვენებას. რაც შეეხება ამ საქმის მეორე ეპიზოდს, რომელიც ეხება ვამეხ აბულაშვილისა და კახაბერ დაბრუნდაშვილის ცემის ფაქტს ოქროყანაში, მელნიკოვმა ამასთან დაკავშირებითაც აღიარებითი ჩვენება მისცა. მისი თქმით, დათა ახალაიამ, მან და კიდევ სხვა პირებმა გოგოსთან დაკავშირებული ამბის გამო სცემეს ეს პიროვნებები. როგორც მელნიკოვი იხსენებს, ერთი ოქროყანაში სხვა ადგილას დატოვეს, მეორესთან კი თავად ისინი იყვნენ. 

მისი თქმით, ჯერ ახალაიამ დაარტყა სახეში, შემდეგ კი მან, ვალერიან მეტრეველმა და სხვა პირებმა, სულ 12 ადამიანი დააახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში სცემდნენ, თუმცა რომელს, მელნიკოვი არ აკონკრეტებს. მისივე თქმით, დათა ახალაიამ ამოიღო იარაღი და ჰაერშიც გაისროლა. ამასთან, მელნიკოვი აცხადებს, რომ მან ნაცემ პირს ფულიც დაუტოვა, რომ იქიდან წამოსულიყვნენ. 

დღევანდელ სხდომაზე დაიკითხა თათია მაისურაძეც. შემდეგი სასამართლო სხდომა ამ საქმეზე 22 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.