მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას სააკაშვილის სამართლებრივი დევნა ხელს ვერ შეუშლის

მაია ფანჯიკიძე მიიჩნევს, რომ ასოცირების ხელშეკრულების რატიფიკაციას სააკაშვილის სამართლებრივი დევნა ხელს ვერ შეუშლის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ასოცირების ხელშეკრულები რატიფიკაციის პროცესის "ცოტათი შეფერხების მიზეზი საზაფხულო არდადაგებია".
ამის შესახებ ფანჯიკიძემ "ქრონიკის" პირდაპირ ეთერში, იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რატომ გაჭიანურდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ ასოცირების შეთანხმების რატიფიკაციის პროცესი.

"მე ვერ ვიტყოდი, რომ დროში გაიწელა. ხელმოწერიდან გასულია ერთ თვეზე ცოტა მეტი, მაგრამ ეს არის ის პერიოდი, როდესაც უმეტესი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოები ისვენებენ. შესაბამისად, რატიფიკაცია მოასწრო მხოლოდ ოთხმა ქვეყანამ. მე დარწმუნებული ვარ, ეს პროცესი სექტემბერში გაგრძელდება ყველა სხვა ქვეყანაში და ვვარაუდობ, რომ წლის ბოლოსთვის აბსოლუტური უმრავლესობა უკვე მოახდეს ხელშეკრულების რატიფიკაციას", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს ჰქონდა კონსულტაციები ბევრ ქვეყანასთან, ჩვენი თხოვნა გადაცემულია მათთვის.

"მათი პოზიციაც არის, რომ ეს ყველაფერი მალე უნდა მოხდეს. უბრალოდ, საზაფხულო არდადაგები დაემთხვა და მე მგონია, მხოლოდ ეს არის ამ პროცესის ცოტათი შეფერხების მიზეზი", - დასძინა მაია ფანჯიკიძემ.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის აზრით, ხელშეკრულების რატიფიკაციას ევროკავშირის ქვეყნების მიერ ხელს არაფერი შეუშლის, მათ შორის, არც ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამართლებრივი დევნა.

"შემაფერხებელი გარემოება ევროკავშირთან ურთიერთობაში არ შეიძლება იყოს, რადგან ჩვენი ურთიერთობა განმტკიცებულია ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტით, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ეწოდება. ასე რომ, ამ ურთიერთობას ვერაფერი დაუდგება წინ. ეს არის ურთიერთობა სახელმწიფოსა და სახელმწიფოთა გაერთიანებას შორის და მასზე ვერანაირი სხვა განვითარება გავლენას ვერ მოახდენს. საქართველოს სწორ გზას ადგას და ამ სწორ გზაზე მას სჭირდება დახმარება", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.