ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ოთხ ქვეყანას აქვს რატიფიცირებული

ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ოთხ ქვეყანას აქვს რატიფიცირებული

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება ამ დროისთვის ევროკავშირის ოთხ ქვეყენას აქვს რატიფიცირებული. ეს ქვეყნებია ლიტვა, ლატვია, ბულგარეთი და რუმინეთი.
რაც შეეხება საქართველოს პარლამენტს, ხელშეკრულების რატიფიცირება 18 ივლისს გაფორმდა. 

არსებული ინფორმაციით, გამომდინარე იქიდან, რომ აგვისტოში თითქმის ყველა ქვეყანაში საკანონმდებლო მუშაობა შეჩერებულია, ხელშეკრულების რატიფიცირების ახალ ტალღა უკვე სექტემბრიდან არის მოსალოდნელი. 

ასოცირების ხელშეკრულების სრულად ამოქმედებამდე საჭიროა, დოკუმენტის რატიფიცირება როგორც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მიერ, ისე ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიერ. მანამდე კი, ხელშეკრულების ნაწილი, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის თავი "წინმსწრებად ამოქმედდება". 

გუშინ ევროპის პარლამენტმა, ევროკავშირის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტის თავმჯდომარე ბერნ ლანგმა და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ელმარ ბროკმა ერთობლივ განცხადება გაავრცელეს და ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ მოახდინონ ევროკავშირისა და საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირება. "მოვუწოდებთ ევროკავშირს, იღონოს ყველაფერი იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მხარი დაუჭიროს უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ექსპორტიორებს. რაც შეეხება ასოცირების ხელშეკრულებებს, ჩვენ ჩავერთვებით აღნიშნულში, რათა ხელი შევუწყოთ სწრაფ თანხმობას პროცედურის ფარგლებში ევროპარლამენტთან და მოვუწოდებთ წევრ სახელმწიფოებს, მოახდინონ ამ ხელშეკრულებების რატიფიცირება დაუყოვნებლივ. ამასთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ კომისიას, ეფექტურად დაეხმაროს საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას ასოცირების ხელშეკრულების დროებით გამოყენებაში ყველა შესაძლო საშუალებით", - ნათქვამია განცხადებაში. 
საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას 2014 წლის 27 ივნისს მოაწერა  ხელი.