“მოსაზრება თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება”

“მოსაზრება თითქოს პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვა ხდება, სინამდვილეს არ შეესაბამება”

მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე თავდაცვის შესახებ კანონში ინიცირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ცვლილებები კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანითაა განპირობებული.

“უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობა პერმანენტულად ახორციელებს სხვადასხვა სახის საკანონმდებლო ცვლილებას, რომელიც გამოწვეულია ახალი საკონსტიტუციო რეგულაციებით. დაახლოებით 150 კანონში განხორციელდა უკვე ცვლილება, ეს არის ამ პროცესების გაგრძელება, ხდება დაზუსტება და დარეგულირება იმ საკითხებისა, რომლებიც კონსტიტუციის მიხედვით სხვაგვარად არის დარეგულირებული და ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში. არანაირი უფლებამოსილების შეზღუდვა ან რაიმე ზედმეტი უფლებამოსილების მინიჭება მთავრობისთვის არ ხორციელდება, ეს არის ტექნიკური საკითხი, საკანონმდებლო აქტების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. აქამდე განხორციელებული ცვლილებებიდან შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ არცერთ ნორმატიულ აქტს არ განუცდია ცვლილება, რომელიც რაიმე სახით წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან. შესაბამისად, აღნიშნული კანონპროექტები სრულ შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან”, - განაცხადა თადუმაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტები შემუშავდა როგორც კომიტეტის წარმომადგენლებთან ასევე პრეზიდენტის ადმინისტარციასა და საპარლამენტო მდივნის სამსახურთან შეთანხმების შედეგად.

მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ შეცვლილია კონსტიტუციური წყობილება, საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა და პრეზიდენტს აღარ აქვს აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელების უფლებამოსილება.

“ამდენად აუცილებლობას წარმოადგენს, მთავრობას ჰქონდეს შესაბამისი საკანონმდებლო უფლებამოსილება, სრულყოფილად განახორციელოს აღმასრულებელი ხელისუფლება როგორც თავდაცვის, ისე უსაფრთხოების საკითხებში”, - აღნიშნა თადუმაძემ.

ამასთან, მისივე თქმით, არ იცვლება გენშტაბის ხელმძღვანელის დანიშვნის წესი, რამდენადაც ის კონსტიტუციაშია გაწერილი.

“გენშტაბის ხელმძღვანელის დანიშვნა ხდება პრეზიდენტის მიერ, მთავრობასთან შეთანხმებით, ანალოგიური ჩანაწერი არის კანონპროექტის, ეს არ იცვლება, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის კონსტიტუციური რეგულაცია”, - განაცხადა თადუმაძემ.