საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი სესიაშვილი “პრეზიდენტის ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს აბსურდულს” უწოდებს.
ამის შესახებ სესიაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტის რეზიდენციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატებსა და დეპუტატებს უშიშროების საბჭოს შესახებ საკუთარი კონცეფცია გააცნო.
“ჩვენ ვდგავართ გარკვეული დილემის წინაშე, რომელიც 2010 წელს განხორციელებეული საკონსტიტუციო ცვლილების შემდეგ წარმოიქმნა. ის მოდელი, რომელიც არის დღევანდელ კონსტიტუციაში, თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის და მთავრობის ფუნქციებთან მიმართებაში, არის ძალიან ბუნდოვანი. ამიტომ, ჩვენ ამაზე გვიწევს მსჯელობა. მთავრობასა და პრეზიდენტს შორის ვერანაირ უთანხმოებას ვერ ვხედავ და ის აჟიტირება, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს, ფუნქციების შეზღუდვასთან დაკავშირებით, არის აბსოლუტურად არარეალური და აბსურდულიც. ამიტომ მიმდინარეობს მუშა პროცესი იმისათვის, რომ კონსტიტუციაში შესაბამისობაში მოვიდეს ყველა კანონმდებლობა”, - განაცხადა სესიაშვილმა.
მისივე თქმით, დღევანდელი კონსტიტუციური მოდელი გარკვეულ ჩარჩოს იძლევა.
“ჩვენ ამ ჩარჩოში უნდა ჩავჯდეთ, მთავრობა არის კოლეგიალური ორგანო, რომელიც იღებს ისეთ გადაწყვეტილებას, სადაც ჩართული არიან სხვადასხვა სამინისტროები. ამიტომ ის საკითხები, რომელიც კოლეგიალურად არის გადასაწყვეტი, თავისთავად ცხადია, ამაში მთავრობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ ეს ავტომატურად არ გამორიცხავს და პირიქით, ითხოვს პრეზიდენტის ჩართულობას”, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.