უკრაინული მედია - ტერორისტები დევნილთა დაცხრილვის მტკიცებულებებს ანადგურებენ

უკრაინული მედია - ტერორისტები დევნილთა დაცხრილვის მტკიცებულებებს ანადგურებენ

ტერორისტებმა ლუგანსკის ოლქში დევნილთა კოლონის დაცხრილვის ადგილი დაბლოკეს და მტკიცებულებებს ანადგურებენ. ინფორმაციას უკრაინის ანტიტერორისტული ოპერაციის პრესცენტრი ავრცელებს. 

პრესცენტრის ინფორმაციით, ტერორისტები ცეცხლს უხსნიან ჟურნალისტების, სამხედრო ექსპერტების, მედიცინის მუშაკთა და გადაუდებელი დახმარების სამსახურის წარმომადგენელთა მანქანებს, ყველას, ვინც დევნილთა განადგურებული კოლონის ადგილამდე მისვლას ცდილობენ. 

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს პრესსპიკერის, ანდრეი ლისენკოს განცხადებით, ადგილზე ნაპოვნია 15 ცხედარი. 

ლუგანსკის ოლქის სოფელ ხრიაშჩევატოეში დევნილთა კოლონა გუშინ დაცხრილეს. უკრაინული მხარის განცხადებით, ბოევიკებმა კოლონაზე თავდასხმა "გრადის" დანადგარებით განახორციელეს. მათივე ინფორმაციით, დევნილების კოლონა სამხედრო მანქანებით გადაადგილდებოდა, თუმცა მათ ჰქონდათ ამოსაცნობი ნიშანი – კოლონა თეთრი დროშებით მოძრაობდა, რაც იმის მანიშნებელია, რომ ისინი მშვიდობიანი მოქალაქეები იყვნენ. 

უკრაინული მედიის ცნობით, ე.წ. "ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის" "ბოევიკების" განცხადებით, მომხდართან მათ კავშირი არ აქვთ.