უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს

უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი პავლე კუბლაშვილი მიიჩნევს, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. როგორც კუბლაშვილმა ჟურნალისტებს პრეზიდენტთან დეპუტატებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა, პრობლემას წარმოადგენს ის, რომ აღნიშნული ორგანოს ფუნქციონირებას აღმასრულებელი ხელისუფლება გარკვეულწილად ხელს უშლის.

"მე ვფიქრობ, რომ ეროვნული უშიშროების საბჭოს ინსტიტუციური გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ძალიან მნიშვნელოვანია ამ ორგანოს ფუნქციონირება, თუმცა მისი ფუნქციონირების მთავარ პრობლემას და ეს შეხვედრაზეც აღინიშნა, დღეს წარმოადგენს ის, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებას მუდმივად აქვს სურვილი მიიტაცოს რომელიმე სხვა სტრუქტურის უფლებამოსილებები.       ამასთან დაკავშირებით, ხელისუფლების შიგნით პოლიტიკური ნება მკაფიოდ ჩამოყალიბებული არაა და ამიტომაც განსხვავებული პოზიცია გააჩნიათ მთავრობას, პრეზიდენტს და პარლამენტს. მე ვისურვებდი, რომ უშიშროების საბჭომ შეიძინოს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თვისებები", - განაცხადა პავლე კუბლაშვილმა.

დეპუტატის შეფასებით, უშიშროების საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობას დღეს მეტწილად ხელს უშლის აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობის განსხვავებული დამოკიდებულება. "ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ კუთხით მუშაობა უნდა გაგრძელდეს. მთავრობაში სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ჩნდება ინიციატივები, რომელიც გულისხმობს პრეზიდენტის კონკრეტულ უფლებამოსილებების გადატანას პრემიერის, მთავრობიდან რომელიმე მინისტრის კომპეტენციაში. ინსტიტუციურ ბრძოლასთან გვაქვს საქმე, ამიტომ ამ საკითხზე ყურადღების გამახვილებაა საჭირო", - აღნიშნა უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს კონცეფციასთან დაკავშირებით დღეს პრეზიდენტთან შეხვედრა გაიმართა.