“ვფიქრობ, ლევან ბაღაშვილის მანქანის დაწვა მათ მიერ დადგმული სცენაა”

“ვფიქრობ, ლევან ბაღაშვილის მანქანის დაწვა მათ მიერ დადგმული სცენაა”

დედოფლისწყაროს საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ჯავახიშვილი დედოფლისწყაროს საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ლევან ბაღაშვილის მანქანის დაწვის ფაქტს გამოეხმაურა.

“ბაღაშვილი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეა რაიონში და ამ პარტიისგან გამორიცხული არაფერია, მით უმეტეს, თუ გადავხედავთ რაზე იყო წლების განმავლობაში აგებული მათი პოლიტიკური პიარი. თუ გავითვალისწინებთ, რომ დღეს ლევან ბაღაშვილის წინააღმდეგ აღძრულია საქმე დიდი ოდენობის თანხების გაფლანგვაზე და წლების განმავლობაში ხალხის ძარცვის გარდა არაფერი გაუკეთებია, შესაძლოა, ეს თავის დაზღვევის მიზნითაც იყოს გაკეთებული. გასათვალისწინებელია ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ წლების განმავლობაში ბევრი ადამიანი ჰყავდა გამწარებული და აქედან გამომდინარე, ვერც ანგარიშსწორებას გამოვრიცხავთ, თუმცა ეს ნაკლებად სავარაუდოა. რატომღაც მჯერა, რომ ეს მათ მიერვე დადგმული სცენაა”, - განაცხადა ჯავახიშვილმა.

ლევან ბაღაშვილის კუთვნილ მანქანას, რომელიც მისი საცხოვრებელი სახლის წინ იყო გაჩერებული, ცეცხლი წუხელ გვიან ღამით გაუჩნდა. როგორც ბაღაშვილი ამბობს, ავტომანქანას უცნობმა პირებმა ბენზინი გადაასხეს.

აფეთქების მსგავსი ხმა თავდაპირველად მისმა მეუღლემ გაიგო, რის შემდეგაც ოჯახს შეატყობინა. ცეცხლის ჩაქრობა მათ საკუთარი ძალებით მოახერხეს. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამსახური და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი მომხდარს მასზე განხორციელებულ ზეწოლად მიიჩნევს და ფაქტის დაუყონებლივ გამოძიებას ითხოვს.