"კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება

თბილისში, პარლამენტის შენობის წინ, დღეს "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია გაიმართება. ამის შესახებ "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" თანათავმჯდომარემ ავთანდილ უნგიაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, აქციაში საზოგადოების წარმომადგენლები, მათ შორის სასულიერო და საერო პირები მიიღებენ მონაწილეობას. 

უნგიაძის განმარტებით, აქციის დროს საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართება, სადაც "კაზანტიპის" ფესტივალთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილისადმი საპროტესტო წერილს წაიკითხავენ. 

მისივე განცხადებით, აქცია-ბრიფინგის შემდეგ, სახელმწიფო კანცელარიის შენობისაკენ მოეწყობა მსვლელობა, სადაც სავედრებელი პარაკლისი აღევლინება და საქართველოს მთავრობას აქციის მონაწილეთა სახელით საპროტესტო წერილი გადაეცემა.