დავით უსუფაშვილი პარაგვაის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

დავით უსუფაშვილი პარაგვაის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა

პარაგვაის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტად მყოფი საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ქვეყნის ეკონომიკის მინისტრს შეხვდა. პარლმენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა ეკონომიკის მინისტრთან იმ პოტენციალზე და რესურსებზე ისაუბრა, რაც დღეისათვის საქართველოში არსებობს. „ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ პარაგვაელ ბიზნესმენებისთვის საქართველო შესაძლოა საინტერესო ქვეყანა გახდეს, რადგან ჩვენი ქვეყნის მდებარეობა და ხელმისაწვდომობა აზიის და ევროპის ახალი ბაზრების მოძიების საშუალებას იძლევა“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. ეკონომიკის მინისტრმა შეხვედრაზე მისი ქვეყნის შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პარაგვაი მსოფლიოში ცნობილია როგორც სოფლის მეურნეობის პროდუქტების დიდი მწარმოებელი ქვეყანა და კარგი იქნება თუ საქართველოს აგროსექტორის წარმომადგენლებს აქ ჩამოსვლა და ადგილზე ვითარების გაცნობის საშუალება მიეცემათ. „უნდა შეიქმნას საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფი და ამ ჯგუფის ხელმძღვანელი იქნება მთავარი ფიგურა, რომელიც ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის დასაწყისს. საქართველო და პარაგვაი პარტნიორები არიან და კიდევ უფრო უნდა გავაფართოვოთ თანამშრომლობის სფეროები“, - აღნიშნა პარაგვაის ეკონომიკის მინისტრმა.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან ერთად სამუშაო ვიზიტით პარაგვაის რესპუბლიკაში გიგლა აგულაშვილი, გიგა ბუკია, თედო ჯაფარიძე და გიორგი ბარამიძე იმყოფებიან. საპარლამენტო დელეგაცია შეხვედრებს ხვალ პარაგვაელ კოლეგებთან გამართავენ.