ირაკლი ღარიბაშვილი - უშიშროების საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი არ არის

ირაკლი ღარიბაშვილი - უშიშროების საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი არ არის

უშიშროების საბჭოს სტრუქტურულ ცვლილებებზე საუბარი არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ამერიკულ ფრეგატ "ველა გალფიზე" მიღების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც პრემიერმა განმარტა, თუკი იქნება კანონში ცვლილება, ეს წმინდა ტექნიკური საკითხია: "უშიშროების საბჭოც და ყველა სხვა დანარჩენი სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციონირებს მოქმედი, ახალი კონსტიტუციის ფარგლებში. თუ რაიმე გასასწორებელია, ეს შეეხება კანონში ცვლილებას თუ სხვას, ეს მხოლოდ და მხოლოდ წმინდა ტექნიკური საკითხია და აქ არავითარი სხვა არ იგულისხმება", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღეს ცნობილი გახდა, რომ თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით მომზადებულ კანონპროექტზე მუშაობა შეჩერებულია.

როგორც თავდაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, "თავდაცვის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებების განხილვას საკანონმდებლო ორგანო "ეროვნული უშიშროების საბჭოს" შესახებ ორგანულ კანონზე მუშაობის დასრულების შემდეგ დაიწყებს.