ამირან გამყრელიძე - ნორმა, რომ 39-41 გრადუსის დროს ქვეყანაში მუშაობა უნდა შეწყდეს, არ არსებობს

ამირან გამყრელიძე - ნორმა, რომ 39-41 გრადუსის დროს ქვეყანაში მუშაობა უნდა შეწყდეს, არ არსებობს

ისეთი საკანონმდებლო ნორმა, რომ 39-41 გრადუსის დროს ქვეყანაში მუშაობა უნდა შეწყდეს, არ არსებობს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძემ კომენტარი გააკეთა "რკინიგზელთა ახალი" პროფკავშირის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაზე, რომლითაც რკინიგზის ადმინისტრაციას მიმართეს.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, 2014 წლის 15 იანვრის მთავრობის დადგენილებით მოქმედებს ახალი ნორმატიული აქტი, რომლითაც დამსაქმებლებმა უნდა იხელმძღვანელონ. კერძოდ, მთავრობის ახალი რეგლამენტი #69 საწარმოო სათავსების მიკროკლიმატისადმი წაყენებულ ჰიგიენურ მოთხოვნებს აწესებს. მასში საუბარია, თუ როგორი მიკროკლიმატი უნდა იყოს სამუშაო ადგილზე, იგი ასევე აწესებს გარკვეულ ნორმებს, მათ შორის - ტემპერატურულ ნორმებსაც. "სამუშაო სიმძიმის მიხედვით ადამიანები სამ კატეგორიად არიანს დაყოფილი. იქვე არის მითითებული, ამა თუ იმ ტემპერატურაზე დასაქმებულმა განუწყვეტლივ რამდენი საათი იმუშაოს.

"რა თქმა უნდა, თუ გარეთ ტემპერატურა 40-41 გრადუსია და პირს უწევს მუშაობა, შესაბამისი რეკომენდაციები ვრცელდება. ასეთი დასაქმებულები რაც შეიძლება ხშირად უნდა გაგრილდნენ, დაისვენონ და უნდა შემცირდეს მათი სამუშაო დრო. მაგრამ ეს ყველაფერი დამსაქმებლის კომპეტენციაშია. მათ აღნიშნული ნორმატიული აქტით უნდა იხელმძღვანელონ, რომელიც შესრულებადია, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის მხრივ. დამსაქმებლებმა უნდა იზრუნონ, რომ სამუშაო ადგილზე მიკროკლიმატი უზრუნველყოფილი იყოს", _ დასძინა გამყრელიძემ. 

"რკინიგზელთა ახალმა პროფესიულმა კავშირმა" 19-21 აგვისტოს მოსალოდნელ მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და მოუწოდა საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭოს, დროულად მიიღონ პრევენციული ზომები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იხელმძღვანელონ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის #69 დადგენილებით და მკაცრად დაიცვან აღნიშნულ დოკუმენტში მოყვანილი სახელმძღვანელო ცხრილით აღებული ვალდებულებები.