ომბუდსმენი ფირცხელიანის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

ომბუდსმენი ფირცხელიანის გარდაცვალების საქმის გამოძიებას მონიტორინგს გაუწევს

მიმდინარე წლის 17 აგვისტოს რუსთავის №6 დაწესებულებაში მსჯავრდებულის გარდაცვალებას სახალხო დამცველი ეხმაურება.

როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, მნიშვნელოვანია, დადგინდეს, იყო თუ არა მიღებული ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულ ჯიდო ფირცხელიანის სიცოცხლის დასაცავად.

“სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ საპირფარეშოში ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დაუშვებლობაზე აპელირება, როგორც ეს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებაში იყო მოცემული, ვერ პასუხობს კითხვაზე, მიღებული იყო თუ არა ყველა გონივრული ზომა მსჯავრდებულის სიცოცხლის დასაცავად. აუცილებელია, ჩატარდეს დროული და ყოვლისმომცველი გამოძიება და ამასთან, გამოძიების დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის შესახებ ეჭვების გამორიცხვის მიზნით, მნიშვნელოვანია, საგამოძიებო მოქმედებები უშუალოდ საქართველოს პროკურატურამ აწარმოოს. როგორც ოჯახის წევრებმა, ასევე საზოგადოებამ უნდა მიიღოს სარწმუნო პასუხი არსებულ ყველა კითხვაზე.

ამასთან, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა სხეულის დაზიანების და პროტესტის ნიშნად შიმშილობის ფაქტებს, შეისწავლოს პატიმართა საჭიროებები და მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება, მათ შორის, დანერგოს ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები და მხოლოდ ჰუმანიტარული თანადგომის პირობებში, პატიმართა კანონიერი ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს ე.წ. დინამიური უსაფრთხოების კონცეფცია. აღნიშნული მნიშვნელოვანია, რათა მომავალში თავიდან იქნას აცილებული მსგავსი ტრაგიკული შემთხვევები და დაცული იყოს პატიმართა სიცოცხლე და ჯანმრთელობა”, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.