აშშ-ის ელჩი და

აშშ-ის ელჩი და "ველა გალფის" კაპიტანი მიღებას გამართავენ

ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო ფლოტის გემი "ველა გალფი" ბათუმში შევიდა. ბათუმის პორტში კრეისერის დახვედრის საზეიმო ღონისძიებას აჭარის მთავრობის წევრები და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ განაცხადა, ამერიკელი მეგობრების გვერდში დგომა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია:

"ქართული ტრადიციით ვხვდებით ამერიკულ გემს. დაგეგმილია სწავლება და კულტურული ღონისძებები. გვექნება შეხვედრები ამერიკელ მეგობრებთან. ეს არის კიდევ ერთხელ დასტური თანადგომისა და მათი გვერდში დგომა ჩვენი ქვეყნისთვის მნიშნელოვანია", - აღნიშნა არჩილ ხაბაძემ.

"ველა გალფის" კაპიტნის, რობ ქიდსის თქმით, ამერიკულ ხომალდზე დღეს ღონისძიებებია დაგეგმილი.

"პირველად ვარ საქართველოში და მინდა გავეცნო თქვენს კულტურას. ამერიკის შეერთებული შტატები მარტში დატოვა გემმა და შემოდგომაზე დავბრუნდებით. დღეს ძალიან ბევრი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი, ასევე, ჩვენ დავათვალიერებთ ბათუმს", - აღნიშნა რობ ქიდსმა.

სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კვანტალიანის განმარტებით, ამერიკული კრეისერი შავ ზღვაზე უსაფრთხოების ოპერაციის უზრუნველყოფის ფარგლებში შემოვიდა და ხვალ სანაპირო დაცვის თანამშრომლებისთვის წვრთნები გაიმართება.

"მიმდინარე წელს ეს არის საქართველოს მეგობარი ქვეყნების სამხედრო საზღვაო ძალების და სანაპირო დაცვის ხომალდების რიგით მეშვიდე ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია თეორიული და პრაქტიკული სწავლებები. კერძოდ ნატო-ს სტანდარტებით სიგნალების გადაცემის წვრთნებ იდა ერთობლივი მანევრები ზღვაზე", - აღნიშნა თემურ კვანტალიანმა.

დღესვე, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და "ველა გალფის" კაპიტანი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებისთვის მიღებას გამართავენ. არსებული ინფორმაციით, ღონისძიებას დაესწრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და საქართევლოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე.

"ველა გალფი" მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ტაიკონდეროგას კლასის ხომალდია. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით, კრეისერის ვიზიტი ხაზს უსვამს შეერთებული შტატების ძალისხმევას, გააღრმავოს ურთიერთობა ნატოელ მეკავშირეებსა და ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა, ხელი შეუწყოს საერთო ამოცანების გადაწყვეტას, აგრეთვე მშვიდობისა და სტაბილურობის გამყარებას შავი ზღვის რეგიონში. "ველა გალფი" საქართველოს წყლებს 20 აგვისტოს დატოვებს.