ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება

ზურაბ ჟვანიას საქმეზე სასამართლო სხდომა 22 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე წინასასამართლოს სხდომა 22 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.
 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ლევან ჩაჩუას ადვოკატმა, ზურაბ ტაბიძემ განუცხადა, ბრალდების მხარემ რამდენჯერმე დააყენა პროცესის გადადების შუამდგომლობა. ბოლოს პროკურატური წინასასამართლო სხდომის ოქტომბრისთვის ჩანიშვნას ითხოვდა, რაც დაცვის მხარემ გაასაჩივრა და სხდომა 22 სექტემბერს, 12:00 საათსთვის არის დანიშნული. 

"რაღაც აბსურდული ექსპერტიზების გამო ითხოვს პროკურატურა წინასასამართლო სხდომის გადავადებას. კერძოდ, რაღაც ხმის ექსპერტიზას ატარებენ იმის თაობაზე, ლევან ჩაჩუა ესწრებოდა თუ არა ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზის პროცესს. ეს როგორი სისულელეა, გესმით, მაგრამ ამბობენ, რომ სჭირდებათ ამ ექსპერტიზის დასვნა, რათა დაამტკიცონ ლვან ჩაჩუას გულგრილობა. აბსურდს ედავებიან, მაგრამ კანონით აქვთ უფლება, ჩაატარონ ეს ექსპერტიზა და დრო გაჰყავთ. კადრებშიც კარგად ჩანს, რომ ჩაჩუა იყო ექსპერტიზაზე და საუბრობდა თუ არა, ამის ექსპერტიზა რაში სჭირდებათ, გაუგებარია", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.

ამასთან, ადვოკატის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი მძიმედ დაავადებულია, მუდმივი მკურნალობის ქვეშ უნდა იმყოფებოდეს, რაც ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქით უნდა შეიცვალოს. 

"2-წლიან მუხლზე შეიძლება,  ადამიანი 6 თვე წინასწარ პატიმრობაში გყავდეს? არის თუ არა ეს პოლიტიკური ნიშნით დევნა? ლევან ჩაჩუა პოლიტიკას შეეწირა. ისინი, პროკურატურა და ხელისუფლება შეჰპირდნენ  ხალხს, რომ რაღაცას გახსნიდნენ და ვერაფერი ვერ გახსენს. არც გვამის ექსჰუმაცია, არც განმეორებითი ექსპერტიზა, არც არაფერი ახალი არ არის ჟვანიას საქმეში. ჰაკიმ ფაშას კადრების მეტი არაფერი აქვთ", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.

მისივე თქმით, თუ პროცესის დახურვა არ მოითხოევს, სასამართლოზე ნათლად გამოჩნდება, რომ პროკურატურას არანაირი მტკიცებულებები აქ აქვს. "დასახური კი არაფერი არ არის", - დასძინა ზურაბ ტაბიძემ. 

სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა საქართველოს მთავარმა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ბრლადებით, 2014 წლის 20 მარტს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიასა და რაულ უსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და არაჯეროვნად შეასრულა სამსახურებრივი მოვალეობა, კერძოდ, სრულყოფილად არ აღწერა გვამებზე არსებული დაზიანებები მაშინ, როდესაც გვამებს აშკარად აღენიშნებოდა სიცოცხლისდროინდელი დაზიანებები. 

"ვინაიდან წარმოებული გამოძიებით ეჭვქვეშ დადგა ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის ნამდვილობა, საქმეზე აუცილებელი გახდა ახალი ექსპერტიზის ჩატარება ზ. ჟვანიასა და რ. უსუპოვის გარდაცვალების რეალური მიზეზისა და გარემოებების დადგენის მიზნით", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

ლევან ჩაჩუას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია საქართველოს სსკ-ის 342-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც სასჯელის სახედ და ზომად 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.