სასწავლო წელი ზამთრის არდადეგების ხარჯზე გახანგრძლივდება

სასწავლო წელი ზამთრის არდადეგების ხარჯზე გახანგრძლივდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარების პერსპექტივები წარადგინა. ამასთან დაკავშირებით სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" კონფერენცია მიმდინარეობს, სადაც უწყების წარმომადგენლები ზოგადი განათლების სამომავლო ხედვის შესახებ საუბრობენ. 

როგორც კონფერენციის დაწყებამდე ჟურნალისტებთან საუბრისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ განაცხადა, ეროვნული სასწავლო განვითარების გეგმა ყველაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტია ზოგადი განათლების ნაწილში. მისივე თქმით, ჩატარდა შედარებითი ანალიზი სხვა ქვეყნების ეროვნულ გეგმებთან მიმართებაში. 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2013 წელს პირველად დაიწყო მონიტორინგი სკოლებში, რომელიც აკვირდებოდა თუ როგორ ინერგებოდა სასწავლო გეგმა, აქედან გამომდინარე დაინერგა ცვლილებები. 

მინისტრის განმარტებით, დაგეგმილი ცვლილებები ეხება სხვადასხვა სერვისებს, რომლებიც სკოლებში მიმდინარეობს. 

"მაგალითად, გახანგრძლივდა სასწავლო წელი ძირითადად ზამთრის არდადეგების ხარჯზე. სასწავლო წელი გახდა 36 კვირიანი. იგი უკვე შესაბამისობაში მოდის საერთაშორისო სტანდარტთან. ასევე დაიხვეწა დამრიგებლის საათის შინაარსი. დაწყებით საფეხურზე პირველ პლანზე წამოიწია წაკითხულის შინაარსის გააზრებამ, ანალიტიკურმა აზროვნებამ. საერთაშორისო კვლევებმა ამ კონკრეტული მიმართულებით ჩავარდნები აჩვენა, ამიტომ ჩვენ ვიწყებთ დაბალი კლასებიდან. შემდეგ საბაზო საფეხურზე ასეთი დამატებითი საათები დაეთმობა პროფორიენტაციას და კარიერის დაგეგმვას, რომელიც ასევე მოიცავს ექსკურსიებს საწარმოებში, სხვადასხვა კომპანიებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. აბიტურის საათი, რომელიც გაურკვეველი და მოუქნელი იყო გახდება საჭიროებებზე მორგებული და სკოლა გადაწყვეტს რომელ საგანში იქნება საჭირო ასეთი დამატებითი საათების ჩატარება", - აღნიშნა თამარ სანიკიძემ. 

კონფერენციას ასევე ესწრება მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტის უფროსი ნათია ჯოხაძე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ელისო ჩაფიძე. ღონისძიებას ასევე ესწრებიან არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორები, სკოლების დირექტორები და პედაგოგები.