კახეთში მოსახლეობას სპეცტექნიკის მეშვეობით სასმელი წყლით ამარაგებენ

კახეთში მოსახლეობას სპეცტექნიკის მეშვეობით სასმელი წყლით ამარაგებენ

კახეთში, ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას, სპეცტექნიკის მეშვეობით, სასმელი წყლით ამარაგებს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პროცესი ყველაზე რთული უბნებიდან დაიწყო, სადაც თვეების განმავლობაში სასმელი წყალი არ მიეწოდებოდათ. მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველსაყოფად გუბერნატორმა თავდაცვის სამინისტროსგან სპეცტექნიკაც გამოითხოვა. ოთხი ერთეული წყალმზიდი საგარეჯოში, თელავში და გურჯაანში გუშინ ჩავიდა. რვავე მუნიციპალიტეტში შექმნილია სპეციალური შტაბები, დღეიდან კი "ცხელი ხაზი" ამოქმედდება, რომელიც 24 საათის განმავლობაში იმუშავებს, სადაც მოქალაქეებს ექნებათ შესაძლებლობა დარეკონ და დახმარება მოითხოვონ.

ბოლო თვეების განმავლობაში, ძლიერი გვალვის გამო, კახეთში წყლის მიწოდების პრობლემა შეიქმნა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ გრაფიკის მეშვეობით არსებული წყლის რესურსი გაანაწილა, ხოლო დასახლებებს წყალს დამატებით სპეცტექნიკის საშუალებითაც მიაწვდიან.