სანდრო გირგვლიანის საქმეზე მელნიკოვის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მელნიკოვის დაკითხვა დღეს გაგრძელდება

სანდრო გირგვლიანის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. ხვალინდელ პროცესზე გაგრძელდება შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის ოლეგ მელნიკოვის დაკითხვა , რომელიც ამ საქმის ყველა ეპიზოდზე თავს დამნაშავედ თვლის. პროცესი 15:00 საათზე გაიმართება. 

აღიარებითი ჩვენება მელნიკოვმა გირგვლიანის საქმეზე საქალაქო სასამართლოში გამართულ წინა პროცესზე მისცა. როგორც მან აღნიშნა, დათა ახალაიამ დაწერილ ჩვენებაზე ხელი მოაწერინა. ამასთან, მელნიკოვმა განაცხადა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დათა ახალაია გენერალურ პროკურატურაში ზურაბ ადეიშვილს ახლდა, შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილთან გამართა შეხვედრა. ამ დროს კი, როგორც მელნიკოვი აცხადებს, იგი ავტომობილში დათა ახალაიას ელოდებოდა. მელნიკოვმა განაცხადა, რომ მაღალჩინოსნებმა შეიმუშავეს გეგმა და დათა ახალაიას დაწერილ გეგმას მიხეილ სააკაშვილიც დაეთანხმა, რომ გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ, საზოგადოებაში არსებული პროტესტი ჩაეხშოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს 4 თანამშრომლის დაკავებით. 

მელნიკოვის თქმით, ამაზე თანხმობა არსებობდა როგორც ყოფილი მთავარი პროკურორის, ზურაბ ადეიშვილისგან, ასევე მიხეილ სააკაშვილისგან. მისი განცხადებით, მაღალჩინოსნების შეთანხმების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელს დააკავებდნენ და შემდეგ კი გაათავისუფლებდნენ. ამასთან, მელნიკოვმა აღნიშნა, რომ დათა ახალაიას თხოვნით, მან დაწერილ ჩვენებას ხელი მოაწერა და ახალაიას დაპირდა, რომ სასამართლოში აღნიშნულ ჩვენებას დაადასტურებდა.

მელნიკოვმა აღიარებით ჩვენებაში ისიც განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ არ მუშაობდა, პლასტიკურ ბარათზე ხელფასი ყოველთვიურად ერიცხებოდა. 

აღნიშნულ პროცესზე მელნიკოვის დაკითხვა ოქროყანის ეპიზოდთან დაკავშირებით ხდებოდა. როდესაც პროცესი გადაიდო, გადადების მიზეზი გახდა ის, რომ ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი მელნიკოვის გარდა, იცავს აღნიშნულ საქმეზე ერთ-ერთ ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს. ადვოკატმა განმარტა, რომ ვინაიდან მელნიკოვმა აღიარებითი ჩვენება მისცა, მისი ჩვენება ეწინააღმდეგება მისი დასაცავი პირის ინტერესებს და აქედან გამომდინარე, დადგა ადვოკატის აცილების საკითხი, რის გამოც პროცესი შეწყდა.