"რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა

"რესპუბლიკა კაზანტიპში" ჩასასვლელად 21465 ქართველი და უკრაინელი გოგონა დარეგისტრირდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" "რესპუბლიკა კაზანტიპის" პრესსამსახურიდან აცნობეს, გოგოების უფასო რეგისტრაცია 15 აგვისტოს დასრულდა."რესპულიკა ძ"-ში შესასვლელი ვიზები, მსურველებს ჯერ კიდევ შეუძლიათ შეიძინონ TBC სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით და კაზანტიპის ოფიციალურ საიტზე. 

ფასი ამ ეტაპზე 300 ლარს შეადგენს, თუმცა ხვალიდან უკვე 350 ლარი გახდება, 20 აგვისტოს კი შესაძლოა 400 ლარსაც გადააჭარბოს.

რაც შეეხება დანარჩენ სტუმრებს, "რესპუბლიკა კაზანტიპის" პრესსამსახურიის ინფორმაციით, მათი საერთო რაოდენობა ისევ საიდუმლოა, თუმცა იმის თქმა დაზუსტებით შეიძლება, რომ ათასობით ადამიანი მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან ჩამოდის და სტუმრები მოდიან მსოფლიოს შორეული წერტილებიდანაც კი. 

"სატრანსპორტო საშუალებების მრავალფეროვნებაც შთამბეჭდავია: საჰაერო, საზღვაო და სახმელეთო ტრანპორტი. პრაქტიკულად შეიძლება ითქვას, რომ 20-დან 30 აგვისტომდე, ტერიტორია ანაკლიიდან განმუხურამდე, რეალობის რეალური ალტერნატივის შესაქმნელად, ყველაზე მხიარული, ყველაზე ბედნიერი ადამიანების "ალყაში" მოექცევა.

რაც შეეხება ვითარებას ადგილზე 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს მუშაობა. ერთნაირად ემზადებიან როგორც რესპუბლიკის წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი მოსახლეობა. ელვისებური სისწრაფით შენდება საცხოვრებელი თუ კვების ობიექტები. 

თითქმის უკვე დასრულებულია ყველა სცენა, სადაც მსოფლიოს უამრავი ვარსკვლავი თუ DJ წარსდგება მსმენელის წინაშე. ჩამოტანილია და მონტაჟდება ასეულობით ათასის ღირებულების ტექნიკა. 
"რესპუბლიკა კაზანტიპის" ერთ-ერთი შემადგენელი კომპონენტია სპორტი. ვინც მიჩვეულია დროის აქტიურად გატარებას, ხელმისაწვდომი იქნება რამდენიმე საფეხბურთო მოედანი, ფრენბურთი და ტენისის სათამაშო კორტები. ამას გარდა დაგეგმილია: საზღვაო ომი, ბუშტების გაშვება, საღებავებით ომი, ბალიშებით ომი და უამრავი სხვა სახალისო ღონისძიება.

და ბოლოს, კიდევ ერთხელ, მათთვის ვინც კვლავინდებურად ეჭვის თვალით უყურებს "რესპუბლიკა კაზანტიპის" ამ პროექტს, რესპუბლიკის პრეზიდენტი მათ მოუწოდებს დაელოდნონ 1 სექტემბერს და შეფასებებიც მას შემდეგ გააკეთონ", - ნათქვამია "რესპუბლიკა კაზანტიპის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.